ავტორი: ანა მარგველაშვილი – სათემო განვითარების ცენტრი
პანდემიას მარტის შუაში თელავში გავექეცი. სახლში ჯდომით გაბეზრებულები, მე, ჩემი ბიძაშვილი და ჩემი უმცროსი შვილი, პერიოდულად პირბადეებით აღჭურვილნი, მანქანით ტყის პირისკენ მივდიოდით სასეირნოდ. ტყეები სოფლებისგან მოშორებულია და ამით დისტანციის კატეგორიულ მოთხოვნასაც ვიცავდით და თანაც, ჩვენთვის სრულიად უცხო კახეთი აღმოვაჩინეთ.
თელავის გასწვრივ, გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ, ფერდობის ძირში, ისტორიული სოფლებია ჩამწკრივებული: აკურა, ვანთა, ბუშეტი, ქვემო ხოდაშენი, წინანდალი, კისისხევი, შალაური და შემდეგ – ვარდისუბანი, რუისპირი, იყალთო… განსაკუთრებით მიყვარს სოფლების თავში, გაშლილი მინდვრების, მცირე, დამუშავებული სავარგულების გავლით ტყისპირებისკენ ასვლა. პანდემიის ჟამს ამ სოფლების შემოვლის მშვენიერი შესაძლებლობა მომეცა.
აკურადან მოყოლებული, იყალთოთი დასრულებული (ცხადია, მანამდეც და მერეც, უბრალოდ მე ჯერ ამ მიდამოების დათვალიერება მოვასწარი) სოფლის თავებიდან შესანიშნავი ხედი იშლება კავკასიონზე. ერთ მხრიდან თუ ალავერდს გაჰყურებ ადამიანი, მეორე მხარეს ნეკრესი მოჩანს და წინ უსაზღვროდ გაშლილა ალაზნის ჩემთვის იდუმალი ველი, პერიოდულად ღრუბლების ჩრდილები რომ დაეფინება ხოლმე და ყოველთვის განსხვავებული და თვალწარმტაცია.
ამ სოფლებს ერთმანეთისგან, ძირითადად, მშრალი, მაგრამ „ვერაგი“ მთის მდინარეების ხევები ჰყოფს (ისეთი მოვარდნა იციან, მტერს!), თუმცა, სადღაც ზემოთ, სოფლის თავებში, ტყეებითა და ხევებით ერთმანეთს უკავშირდებიან. ზოგან, თურმე, საცალფეხო ბილიკი გადადის, ზოგჯერ ხევში უნდა გაიარო, ზოგჯერ – მდინარეში. არის გზები, სადაც მაღალი გამავლობის მანქანით გადახვალ, სადღაც – მხოლოდ ფეხით. მაგრამ მთლიანობაში, აკურადან შუამთამდე და შემდეგ ვარდისუბანი-შუამთიდან – რუისპირის გავლით იყალთოში, სულ ტყე-ტყე შეიძლება გადასვლა და ერთიანობაში, ერთმანეთთან უხილავი გზებით დაკავშირებული და დაქსელილი სივრცე იკვრება.
ცხადია, ადგილობრივებმა, განსაკუთრებით კი, მეტყევეებმა და მწყემსებმა, თავიანთი და მეზობელი სოფლების მიდამოები კარგად იციან, ჩემთვის კი სიახლე იყო, როდესაც, მაგალითად, რუისპირიდან, შიოს მარნის მონასტრიდან, ვიწრო, ტყეში გამავალი გზით პირდაპირ იყალთოში ჩავედი მანქანით, ან როდესაც მითხრეს, რომ წინანდლის თავიდან ხევში ჩამავალი გზა ქვემო ხოდაშნის სოფლის თავში მდებარე ტყეში გადადიოდა; ასევე, ვარდისუბნის თავში შეფენილი ვრცელი მინდორი (დეკანოზურის მიდამოები) და ტყე ისე შეგიძლია ხევ-ხევ მოიარო (ორხიდიანი მანქანითაც), რომ სამანაქანო ტრასაზე საერთოდ არ ჩამოხვიდე. კისისხევი და წინანდალიც კი, რომელთაც, ერთი შეხედვით, უზარამაზრი ხევი (კისისხევის ხევი) ჰყოფთ, სადღაც ზემოთ უკავშირდება ერთმანეთს, ცოტა მეტად შემოვლითი გზით, მაგრამ მაინც …
კახეთში ალტერნატიული ტურების განვითარების საჭიროებაზე ადრეც მიფიქრია და დამიწერია, თუმცა, ახლა განვითარების კიდევ ერთი მიმართულება დავინახე მკაფიოდ; ცალკეულ სოფლებზე გარკვეული ცოდნა და ინფორმაცია კი მქონდა, მაგრამ მთელი ეს ფერდობი ერთიან სივრცედ სწორედ ამ პანდემიის დროს, სოციალური დისტანციის საჭიროებით გამოწვეული სამანქანო გასვლებისას აღმოვაჩინე და უცებ ინდივიდუალური, ან გნებავთ „კლასტერული“, საფეხმავლო თუ ცოტა ექსტრემალური ტურიზმის დიდი პოტენციალი დავინახე. ისეთი, პოსტ-კოვიდ ეპოქას რომ დაამშევენებდა და არა მარტო.
ტყეში და ველებში ხეტიალი ბევრს უყვარს და აინტერესებს; გზადაგზა თუ კულტურული ძეგლებიც შემოხვდათ, მარშრუტები კიდევ უფრო მიმზიდველი და საინტერესო ხდება. ამ სოფლის თავებში კი (როგორც წესი, ისტორიულად, სოფელი სწორედ აქ მდებარეობდა და შემდეგ, სხვადასხვა მიზეზით, ეტაპობრივად ქვემოთ ჩასახლდა) უამრავი ისტორიული ძეგლია შემორჩენილი; ამ მხრივ კახეთის სოფლები მართლაც ძალიან მდიდარია. ტყეებში შემალული ეკლესიები და სამლოცველოები, სამეურნეო ნაგებობების ნაშთები, გამოქვაბულები, მონასტრები, ნასოფლარ-ნასახლარ-ნასასახლარები და სრულიად უნიკალური ტყეები… ნახვად ღირს კი არა, ძალიან, ძალიან ღირს! მაგრამ ჩვენ, როგორც წესი, არ გვაქვს ინფორმაცია მათ შესახებ.
თუკი ამ შესაძლებლობას კარგად გავიაზრებთ, ბილიკები და გზები მოინიშნება და ძეგლებთან საინფორმაციო ნიშნულები მოეწყობა, შეიძლება, თელავის მუნიციპალიტეტში დამატებითი ალტერნატიული ტურიზმის ეს „ტყე-ტყე“ მიმართულებაც განვითარდეს: საფეხმავლო თუ საცხენოსნო მარშრუტების გაჩენა კი გზადაგზა წყაროების მოწესრიგება-მინიშნებასაც გულისხმობს და ასევე, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ დაბინძურებული ხევების დასუფთავებასაც; სოფლებში მცირე საოჯახო სასტუმროების განვითარებაც შეიძლება წაახალისოს, სოფლების თავში, აგრომეურნეობების მიმდებარედ, მცირე საკემპინგე ადგილების კეთილმოწყობაც და გამყოლების საჭიროებაც დადგეს დღის წესრიგში. ეს ყველაფერი კი სოფლის მცხოვრებლებისთვის ახალ შესაძლებლობად შეიძლება იქცეს. მსგავსი ალტერნატიული მარშრუტები თელავს და მის შემოგარენს კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდიდა, სოფლების შესახებ ჩვენი ცოდნის გაღრმავებასაც შეუწყობდა ხელს და სოფლების ჩართვასაც მუნიციპალური განვითარების პროცესებში.
პ.ს. ზოგიერთი ნანგრევის ისტორია და სახელი ვერც ადგილობრივებმა მითხრეს, თუმცა, ვიმედოვნებ, სპეციალისტებს აღწერილი და სახელდებული ექნებათ; სოფლად არსებული კულტურის რესურსების ხელახალი აღწერა, კულტურის რესურსების აღწერის (cultural mapping) მეთოდოლოგიის გამოყენებით, ვფიქრობ, არც ახლა აწყენდა სოფლებს და ეს პროცესი თავისუფლად შეიძლებოდა წარმართულიყო სპეციალისტების კონსულტაციების ფონზე, სოფლის საჯარო სკოლებისა და მოსწავლეების მიერ. ამ მხრივ საქართველოში უკვე არსებობს საინტერესო გამოცდილება და ეს გამოცდილება აჩვენებს, რომ საკუთარი სოფლის ისტორიის, მისი კულტურული პოტენციალის კვლევა მოსწავლეებისათვის ძალიან სახალისო და შემეცნებითი პროცესია.
რუბრიკა “სოფელ-სოფელ” მხარდაჭერილია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრისა და ღია საზოგადოების ფონდის მიერ.