გორის მერიას ჭავჭავაძის გამზირისა და სამეფო ქუჩის კვეთასთან (სამეფოს N76-ის მიმდებარედ) საგზაო ნიშნის განთავსება სურს. მერიას მიაჩნია, რომ აღნიშნულ ადგილებზე მოქალაქეების გადაადგილება ხშირია, რის გამოც საჭიროა ამკრძალავი ნიშნის დადგმა დამატებითი ინფორმაციის ნიშნით. შესაბამის განკარგულებას საკრებულო მომავალ სხდომაზე დასამტკიცებლად გაიტანს.
“ქართლის ქუჩაზე საბითუმო მაღაზიების გამო, დღის განმავლობაში შეინიშნება მოსახლეობის დიდი კონცენტრაცია. ახალი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, საჭიროა რომ ქართლის ქუჩაზე აიკრძალოს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა 10:00 სთ – დან 19:00 სთ -მდე გარდა იმ სატრანსპორტო საშუალებისა, რომელიც ემსახურება აღნიშნულ ზონაში მდებარე საწარმოს, ან/და ემსახურება ან ეკუთვნის ამავე ზონაში მცხოვრებ ან მომუშავე პირს”, – წერია განკარგულებაში.
იმ შემთხვევაში თუ საკრებულო აღნიშნულ განკარგულებას მხარს დაუჭერს გორში, ქართლის ქუჩაზე ავტომობილების გაჩერება აიკრძალება. საკრებულოს სხდომა 12 ივნისაა ჩანიშნული.