ქალაქის გასარწყავიანების ახალი სისტემის მოწყობის მიზნით გორში სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები დღეს გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა კულტურისა და დასვენების პარკ “ახალბაღში“ დაათვალიერა.
“გასარწყავიანების ახალი სისტემის პროექტს დიდი მნიშვნელობა აქვს ქალაქის ინფრასტრუქტურისა და იერსახის გაუმჯობესებისთვის, რადგან მთლიანად უზრუნველყოფს მწვანე სივრცეების, გაზონების, სკვერების და შადრევნების წყალმომარაგებას თვითდინებით, რაც ადგილობრივ ბიუჯეტს ფინანსური და ადამიანური რესურსების დაზოგვის საშუალებას მისცემს და ცხელ პერიოდში ბალახსა და ნარგავებს გადახმობისგან დაიცავს“, – განაცხადა ქალაქის მერმა.
პროექტის ღირებულება 477 627 ლარია. აღნიშნული თანხით გასარწყავიანების ახალი მაგისტრალი 5200 მეტრის სიგრძეზე მოეწყობა, ასევე, რეაბილიტირდება შიო მღვიმელის ქუჩაზე არსებული აქამდე დახურული სათავე ნაგებობა, საიდანაც წყალი თვითდინებით მიეწოდება ქალაქში არსებულ სკვერებსა და შადრევნებს. სამუშაოები ივლისის ბოლოს დასრულდება.