გორის მერიამ თამარ მეფის N37-თან, შესაძლოა, ტაქსების გაჩერება აკრძალოს

1054

გორის მერია თამარ მეფის N37 – თან ამკრძალავი ნიშნების დამონტაჟებას გეგმავს. შესაბამის განკარგულებას გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო მომავალ სხდომაზე დასამტკიცებლად გაიტანს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

განკარგულების მიხედვით, გორის მერია საგზაო ნიშნის “გაჩერება აკრძალულია” დამონტაჟებას თამარ მეფის ქუჩაზე, (სტალინის გამზირიდან #4 -სა და თამარ მეფის # 37 – ის მიმდებარედ) ჩოჩიშვილის ქუჩამდე აპირებს.

“გორის მუნიციპალიტეტის მერიამ შსს – ს საპატრულო პოლიციის შიდა ქართლის მთავარ სამმართველოსთან ერთად შეისწავლა გორში, თამარ მეფის ქუჩაზე, სტალინის გამზირიდან ჩოჩიშვილის ქუჩამდე, სავალი გზის ორივე მხარეს მოწყობილი ტაქსის გაჩერება, რომელიც საგზაო მოძრაობას აფერხებს. შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ მიზანშეწონილია აღნიშნულ მონაკვეთებზე აიკრძალოს გაჩერება და თამარ მეფის ქუჩაზე(სტალინის გამზირის # 4 – სა და თამარ მეფის # 37 – ის მიმდებარედ) დაიდგას ამკრძალავი საგზაო ნიშნები 3,2 “მოძრაობა აკრძალულია”, – ვკითხულობთ განკარგულებაში.

განკარგულება ძალაში მხოლოდ იმ შემთხვევაში შევა, თუ მომავალ საკრებულოს სხდომაზე დეპუტატები საკითხს მხარს დაუჭერენ.