რიონისპირა სახლების პროექტის განხორციელება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას

485

რიონისპირა სახლების პროექტის განხორციელება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას – “ნიუპრესის” ინფორმაციით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა კომპანიას, რომელსაც რიონისპირა სახლების პროექტირება უნდა მოეხდინა, ვადების გადაცილების გამო ხელშეკრულება შეუჩერა.

ტენდერში გამარჯვებული  კომპანიის  “კარკასი” არქიტექტორის გივი გოგრიჭიანის განცხადებით,  პროექტი მარტის დასაწყისში უნდა ჩაებარებინათ, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო სამუშაოების დასრულება ვერ შეძლეს. მისივე თქმით, ამ დროისათვის სამუშაოს სამი ეტაპია შეასრულებული, დარჩენილია ბოლო, მეოთხე ეტაპი.

“ხელშეკრულება მთლად შეწყვეტილი არ არის, კორონავირუსის პანდემიის გამო კოორდინაცია ვერ მოხდა  უწყებებს შორის, არის რაღაც საკითხები, რაზეც არის შეუთანხმებლობა, ამ კვირაში გაირკვევა ყველაფერი. ეს პროექტი ჩემს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესია,  მასზე 1984 წლიდან ვმუშაობ და მინდა, რომ განხორციელდეს, მაგრამ არა ისე, როგორც ეს მედროვეებს წარმოუდგენიათ. ქუთაისში მთელი გულით და სულით მიუდგნენ ამის გაკეთებას,  თუმცა არ ვიცი, სხვაგან  რა მოხდა”,  – აღნიშნა არქიტექტორმა.”,-განაცხადა  გივი გოგრიჭიანმა “ნიუპრესთან” საუბარში.

აღსანიშნავია,  რომ პანდემიის გამო მრავალი პროექტი შეჩერდა, მათ შორის მუნიციპალური განვითარების ფონდმა 6  მუნიციპალიტეტისათვის ახალი ავტობუსების შემოყვანა დათქმულ ვადებში ვერ შეძლო. ამ ფონზე ვადების დარღვევის გამო კომპანიისათვის მკაცრი სანქციის დაკისრებას აჩენს ეჭვს, რომ შესაძლოა, ეს პროექტი საერთოდ შეჩერდეს.

ოფიციალური უწყებებში საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გააკეთეს.

შეგახსენებთ, რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტის ინიციატივა ქუთაისის ყიოფილი მერის გიორგი ჭიღვარიას სახელს უკავშირდება.