კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების თაობაზე წერილობითი ანგარიში დღეს პარლამენტს გაეგზავნება და ასევე მთავრობის შესაბამის ვებ-გვერდზეც აიტვირთება. როგორც პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული ანგარიშით მთავრობა მოქალაქეებს და ყველა დაინტერესებულ პირს უხსნის, ამ საგანგებო მდგომარეობის პირობებში რა მოტივით და რა სქემით მოქმედებდა.
„ჩვენ პარლამენტში ანგარიშის წარდგენის დროს განვაცხადეთ, რომ წერილობით ანგარიშსაც წარვადგენდით კოვიდ-19-ის თაობაზე მთავრობის მიერ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯების შესახებ. მოგეხსენებათ, რომ ეს ღონისძიებები იანვრიდან დაიწყო და 22 მაისს დასრულდა. ჩვენ ამ პერიოდის წერილობითი ანგარიში მომზადებული გვაქვს და დღეს პარლამენტს გაეგზავნება, ასევე მთავრობის შესაბამის ვებ-გვერდებზე აიტვირთება. ვფიქრობთ, ეს არის პასუხისმგებლიანი მთავრობის ნაბიჯი, რომელიც თავის მოქალაქეს და ყველა დაინტერესებულ პირს უხსნის, ამ საგანგებო მდგომარეობის პირობებში რა მოტივით, რა სქემით იყო მიღებული გადაწყვეტილებები, რა იყო ამ გადაწყვეტილებების მიზანი და მოტივაცია. ეს ყველაფერი დეტალურად ახსნილი და გაშიფრულია. ასევე, ამ ანგარიშში პირდაპირ ასახულია ის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, რის გამოც ჩვენი მოქალაქებისთვის ასეთი მძიმე შეზღუდვების დაწესება მოგვიწია და ბევრი სხვა დეტალი. ფაქტობრივად, აქ არის თითოეული უწყებისა და მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯის სრული ანალიზი, მისი ახსნა და მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან და რა თქმა უნდა, ეკონომიკის შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით. ამ ანგარიშზე მუშაობამ ჩვენ აშკარად დაგვანახა, რომ ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა იმ სუსტი წერტილების გამოვლენისთვის, რომელიც, რა თქმა უნდა, ჩვენც გვქონდა იმისთვის, რომ ჩვენ უფრო ეფექტურად მოვემზადოთ შესაძლო მეორე ტალღისთვის, რომელზეც დღეს ბევრი საუბრობს. ჩვენ გვინდა გამოვიყენოთ ეს ანგარიში, როგორც პირველი ნაბიჯი იმისთვის, რომ დავიწყოთ ფართო კვლევა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად – რა ზეგავლენა აქვს კოვიდ 19-ის ვირუსს ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა სფეროებზე, როგორიც შეიძლება იყოს სოციალური, პოლიტიკური ცხოვრება, ადამიანის უფლებები, ბავშვთა უფლებები, სამართლებრივი პროცესები და ასე შემდეგ.
ჩვენ თუ ვამბობთ, რომ ეს არის გლობალური პანდემია, მას ეფექტურად ვპასუხობთ, რამეთუ ვმართავთ რისკებს. შესაბამისად, ჩვენ უნდა დავაზღვიოთ ჩვენი სოციალური ცხოვრების ყველა სფერო იმისთვის, რომ ადაპტაცია მოხდეს არა მხოლოდ ეკონომიკასთან, არამედ ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა სფეროებთან. ამიტომ, ვფიქრობ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და დონორები მსგავსი კვლევის ჩასატარებად მაქსიმალურად მოგვეხმარებიან. გარდა ამისა, ეს იქნება კარგი შესაძლებლობა, უკეთ მოვემზადოთ შესაძლო მეორე ტალღისთვის. ასევე, ეს იქნება შესაძლებლობა, საერთაშორისო პარტნიორებს გავუზიაროთ ის გამოცდილება, რომელიც საქართველოს აქვს“,-განაცხადა პრემიერმა.