საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც კომპანია „სითი პარკისგან” დაჯარიმებული მოქალაქეების ფინანსური ვალდებულებისგან გათავისუფლებას გულისხმობს, – ამის შესახებ კანონპროექტის ავტორმა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნიამ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, კანოპროექტის დამტკიცება სავარაუდოდ ივნისის თვეში მოესწრება და ის გამოქვეყნებისთანავე შევა ძალაში.
„საქმე ეხება ჯარიმებს, რომელიც წარმოშობილია 2018 წლის 10 აპრილამდე (კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულების შეწყვეტამდე) და რომელთა აღსრულება ჯერ არ მომხდარა. გადაუხდელი ჯარიმები რჩებოდა მნიშვნელოვან ეკონომიკურ და ფინანსურ პრობლემად ჩვენი მოქალაქეებისთვის და ჩვენი გადაწყვეტილებით, მოქალაქეები სრულად გათავისუფლდებიან ჯარიმის, საურავისა და აღსრულების ხარჯების გადახდისგან და მოეხსნებათ ფინანსური დავალიანება. საერთო ჯამში ასეთი ჯარიმების ოდენობა დაახლოებით 850 000 ლარს შეადგენს და ამ კანონის საფუძველზე, რომლის ინიცირებაც ჩვენ მოვახდინეთ, ათასობით მოქალაქე სრულად იქნება გათავისუფლებული ვალდებულებისგან. ამ საკითხზე იდეა და ინიციატივა ეკუთვნის დედაქალაქის მერს, რასაც საქართველოს პარლამენტი სრულად უჭერს მხარს და ეს მხარდაჭერა გამოხატულია ამ საკანონმდებლო ცვლილებაში,”- განაცხადა ზაზა გაბუნიამ.