ქობულეთში ბულვარის მშენებლობა დასრულდა. ტურისტული ქალაქი ვიზიტორების დასახვედრად ემზადება. როგორ გამოიყურება ზღვისპირა ზოლი და რას შესთავაზებს მუნიციპალიტეტი სტუმრებს ამ თემაზე სიუჟეთს ტვ25 ავრცელებს.
ქობულეთის ბულვარის რეაბილიტაციაც თითქმის ერთი წლის წინ დაიწყო. კეთილმოწყობილი გარემო მალევე შესამჩნევი გახდა ადგილობრივებისთვის. რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურა მათთვის ერთგვარი იმედი გახდა იმისა, რომ ტურისტული სეზონი წარმატებული იქნება.
ჯამში, რეაბილიტაცია ორკილომეტრიან მონაკვეთს უტარდება. სამუშაოები, რომელიც უკვე დასრულებულია, პროექტის მხოლოდ პირველი ეტაპია. მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაცია, დეკორატიული ფილებით მოეწყო სასეირნო ზოლი და სავალი ნაწილი. პარალელურად, გაშენდა მწვანე ზოლი, დამონტაჟდა თანამედროვე ტიპის გარე განათების სისტემა. მოეწყო ბავშვთა სივრცეები, სპორტული მოედანი, სავარჯიშო კუთხე და ადგილები ველოპარკირებისთვის.
გარდა ამისა, სიუჟეტში საუბარია პრობლემებზე, რომ სანაპიროზე ტურისტებს გასახდელები და საშხაპეები წელსაც არ დახვდებათ. მოძველებული და ამორტიზებულია საბავშვო ატრაქციონები. დაპირების მიუხედავად, კინტრიშის ხეობაში კი საპიკნიკე ტერიტოერიები არ მოწყობილა. ქალაქში კი საპარკინგე ადგილები არ დამატებია.
მოძველებული და გაუმართავია მუნიციპალური ტრანსპორტი. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტისთვის ტურიზმი პრიორიტეტულია, წვიმიან ამინდში მერია სტუმრებს ვერაფერს სთავაზობს.
სიუჟეტში საუბარია იმაზე, რომ პრობლემის მოგვარების სავარაუდო ვადებსა და გეგმებზე მირიან ქათამაძე უნდა ჩაეწერათ, თუმცა, მან დაპირების მიუხედავად ეთერში მონაწილეობა არ ისურვა, არც პრესსამსახურმა და არც თავად მერმა ტელეარხის სატელეფონო ზარებსა და წერილებს არ უპასუხეს.
აქ, ახლა უკვე მეორე ნაწილით გათვალისწინებული სამუშაოები გრძელდება, რომლის დასრულების შემდეგაც სრულად უნდა იყოს კეთილმოწყობილი სანაპირო ზოლი. ინსფრასტრუქტურა ადაპტირებული უნდა გახდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
15 ივნისიდან შიდა ტურისტისთვის სეზონი ოფიციალურად იხსნება, პირველი ივლისიდან კი ქვეყანა საერთაშორისო ვიზიტორების მოლოდინშია. ქობულეთის მერის მოადგილე ირწმუენბა, რომ ქობულეთისთვის საზღვაო სეზონი წარმატებული იქნება.
ქობულეთის ბულვარის რეაბილიტაცია სრულად 2021 წლის მაისში უნდა დასრულდეს. ჯამში პროექტზე 6 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული.