საკრებულოს მხარდაჭერით, კონკურსის ”თბილისი” 2016 წლის ნომინირებული და გამარჯვებული ნაწარმოებებით კრებული გამოიცა

536

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხარდაჭერითა და მწერლის ირაკლი შამათავას რედაქტორობით კრებული გამოიცა, რომელშიც ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის “თბილისი” 2016 წლის ნომინირებული და გამარჯვებული ნაწარმოებები დაიბეჭდა.

საკრებულოს ინფორმაციით, წიგნში შესულია როგორც ლიტერატურული, მუსიკალური და ფერწერული ნაწარმოებები, ასევე ნომინაციებში: არქიტექტურა, ქანდაკება და ფოტოხელოვნება წარმოდგენილი ნამუშევრები და ავტორთა ბიოგრაფიული მონაცემები.

”ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსი “თბილისი” წელს მესამედ იმართება, ის თავისი ფორმატით ქართულ სახელოვნები სივრცეში ერთგვარ ნოვაციას წარმოადგენს და ხელოვნების არაერთ სფეროს მოიცავს.

კონკურსში გამარჯვებულებს, რომლებსაც კომპეტენტური ჟიური გამოავლენს, მოქანდაკე გია ჯაფარიძის მიერ კონკურსისათვის სპეციალურად შექმნილი პრიზი, XII საუკუნის არტეფაქტის-ხოხბის გამოსახულების სტილიზებული ვარიანტი, საკრებულოს მიერ დაწესებული ფულადი პრემია და მხარდამჭერი სპონსორებისგან კი მრავალფეროვანი საჩუქრები გადაეცემათ.

დაჯილდოების ცერემონია ”თბილისობა 2017’’-ის ფარგლებში გაიმართება”, – აცხადებენ საკრებულოს პრესსამსახურში.

რაც შეეხება კონკურსს “თბილისი – 2017”,  მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება გრძელდება.  ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ყოველგვარი ასაკობრივი შეზღუდვის გარეშე შეუძლია.

„გამონაკლისს ნომინაცია – წლის საუკეთესო ესსე წარმოადგენს, რომელიც მხოლოდ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი.
კონკურსის მიზანი ლიტერატურის, მუსიკის, ფერწერის, არქიტექტურისა და ხელოვნების სფეროში დასაქმებული პირების შემოქმედებითი აქტივობის, პროფესიული ზრდისა და ჯანსაღი, კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბების, ასევე, ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენისა და წახალისების, ეროვნული და საკაცობრიო ღირებულებების დანერგვისა და საზოგადოებაში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობაა.

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველთა განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 15 მაისს დაიწყო და 8 სექტემბერს დასრულდება.
კონკურსი „თბილისობა-2017“-ის ღონისძიებების ფარგლებში გაიმართება და მასში მონაწილეობის მსურველებს დეტალური ინფორმაციის მიღება საკრებულოს ვებგვერდზე: http://www.tbsakrebulo.gov.ge/ შეუძლიათ“

წყარო: ინტერპრესნიუსი