საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის ცნობით, დღეს დასაქმებულთა შორის თვითდასაქმებულების წილი დაახლოებით 49-50%-ია. მისივე განმარტებით, ეს დაახლოებით 840 ათასი ადამიანია და მათი 75% (630 ათასი თვითდასაქმებული) სოფლად არის დასაქმებული. ამაზე გოგიტა თოდრაძემ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა, სადაც დეპუტატებს დასაქმებისა და უმუშევრობის სტატისტიკის 2020 წელს დასანერგი, ახალი მეთოდოლოგია გააცნო.
სხდომაზე გოგიტა თოდრაძემ თქვა, რომ ახალი სტანდარტით, თვითდასაქმებულები გადაკვალიფიცირდებიან, ანუ ის კატეგორია, რომელიც პროდუქტს უმთავრესად საკუთარი მოხმარებისთვის აწარმოებს, თვითდასაქმებულად და დასაქმებულად აღარ ჩაითვლება:
“გამოკვლევის მიხედვით, სოფლად თვითდასაქმებულთა დიდ ნაწილს, 70-80%-ს, მოჰყავს პროდუქცია მხოლოდ საკუთარი მოხმარებისთვის და ახალი მეთოდოლოგიით, ეს კატეგორია აღარ ჩაითვლება თვითდასაქმებულად. შესაბამისად, მათი წილი გამოაკლდება დასაქმებულთა კატეგორიას, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ავტომატურად გადაკვალიფიცირდება უმუშევრად. გრძელდება სტანდარტული კითხვები, ის უნდა ეძებდეს სამუშაოს ან/და მზად იყოს მუშაობის დასაწყებად 2 კვირის განმავლობაში”.
გოგიტა თოდრაძის თქმით, იანვრიდან ახალი გამოკვლევის კითხვებით დაიწყო მონაცემების შეგროვება 6 400 შინამეურნეობაში.
კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას კითხვაზე, აქვს თუ არა ინფორმაცია იმ უმუშევართა რაოდენობაზე, რომელთაც საარსებო მინიმუმი არ აქვთ, საქსტატის დირექტორი პასუხობს, რომ ასეთი მონაცემები მათ არ აქვთ, რადგან “არ აქვთ საერთაშორისო სტანდარტიდან გადახვევის უფლება”.