გერმანიის ელჩი: „ტყის კოდექსის“ საფუძველზე განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა 3 მლნ ჰექტარ ტყის ფართობს

683

ეს არის ქვეყნისთვის უაღრესად დიდი წინგადადგმული ნაბიჯი, – ასე აფასებს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ჰუბერტ ქნირში პარლამენტის მიერ „ტყის კოდექსის“ დამტკიცებას.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ქნირშმა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე განსაკუთრებული ყურადღება 3 მლნ ჰექტარ ტყის ფართობს მიექცევა, რაც მნიშვნელოვანია.

„მოხარული ვარ, საქართველოს პარლამენტის მიერ „ტყის კოდექსის“ დამტკიცების გამო. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე განსაკუთრებული ყურადღება 3 მლნ ჰექტარ ტყის ფართობს მიექცევა, რაც პირდაპირ კავშირშია ადამიანების ჯანსაღ გარემოში ცხოვრებასთან. ეს არის ქვეყნისთვის უაღრესად დიდი წინგადადგმული ნაბიჯი. მოხარული ვარ, რომ ამ განსაკუთრებულ ვითარებაში საქართველოს გარემოს დაცვის და ეკონომიკის მხარდაჭერის შესაძლებლობა გვაქვს, რაც მომავალში კვლავ გაგრძელდება“, – განაცხადა ელჩმა შეხვედრისას.

ცნობისთვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ნინო წილოსანთან ერთად, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრმა გარემოსდაცვითი მიმართულების მიმდინარე და დაგეგმილი საკანონმდებლო რეფორმების შესახებ ისაუბრა. უწყების ინფორმაციით, ლევან დავითაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება ტყის ახალ კოდექსზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ახალი კოდექსი არის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომელიც ქვეყანაში ტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის მართვა სრულიად ახალ ეტაპზე გადაჰყავს.