კახა კალაძე: “ხრუშოვკების” ეტაპობრივი ჩანაცვლების შესახებ ძალიან საინტერესო პროექტი გვაქვს მომზადებული

969

თბილისში ე.წ. ხრუშოვკების ხანა დიდი ხანია დასრულდა, – ამის შესახებ ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე აცხადებს.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში კალაძე აღნიშნავს, რომ არ შეიძლება ადამიანები ცხოვრობდნენ ისეთ შენობებში, რომლებსაც უკვე დიდი ხანია ექსპლუატაციის ვადა გაუვიდა, არის ამორტიზირებული და მიშენება-დაშენებებით კიდევ უფრო ავარიული და უსახური.

”უახლოეს მომავალში ვგეგმავ, წარმოვადგინო ჩემი პროგრამული ხედვები. მანამდე მსურს, ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტის დაანონსება. თბილისში ე.წ. ხრუშოვკების ხანა დიდი ხანია დასრულდა. არ შეიძლება ადამიანები ცხოვრობდნენ ისეთ შენობებში, რომლებსაც უკვე კარგა ხანია გაუვიდა ექსპლუატაციის ვადა, არის ამორტიზირებული და მიშენება-დაშენებებით კიდევ უფრო ავარიული და უსახური. ჩვენ გვაქვს მომზადებული ძალიან საინტერესო პროექტი “ხრუშოვკების” ეტაპობრივ ჩანაცვლების შესახებ, რასაც უახლოეს მომავალში წარვუდგენთ დედაქალაქის მოსახლეობას. ამ საბჭოთა იდეოლოგიის გადმონაშთებისგან თბილისის გათავისუფლება და მათი ჩანაცვლება მყარი, კომფორტული საცხოვრისით, ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მიმართულება იქნება. ის მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ “ხრუშოვკის” ტიპის ბინებში, ჩანაცვლების პროცესში უზრუნველყოფილი იქნებიან ბინით, ან შესაბამისი კომპენსაციით, საკუთარი არჩევანის მიხედვით. სიცოცხლით სავსე თითოეული უბანი, ეს არის თბილისის სახე და მისი მომავალი”, – ნათქვამია ვიდეომიმართვაში.

წყარო: ინტერპრესნიუსი