პარლამენტმა ქარსაფარი ზოლის შესახებ სპეციალური კანონი მიიღო

419

პარლამენტმა ქარსაფარი ზოლის შესახებ სპეციალური კანონი მიიღო. კანონის პროექტი, რომლითაც ქარსაფარი ზოლის აღდგენასთან, გაშენებასთან, მოვლასთან და დაცვასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება, მესამე მოსმენით, 84 ხმით დაამტკიცეს. ამასთან, ქარსაფარი ზოლის დაზიანებისთვის ადმინისტრაციული სანქციები და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა შემოდის.

პროექტში მოცემულია ქარსაფარი ზოლის აღდგენა-გაშენების ზოგადი დაგეგმვასთან დაკავშირებული საკითხები. ამასთან, მუნიციპალიტეტები დაყოფილია კატეგორიებად, ქარის სიძლიერის მიხედვით. დადგენილია ქარსაფარი ზოლის მოვლისა და დაცვის ზოგადი სტანდარტი. განსაზღვრულია ქარსაფარი ზოლის არაფუნქციური გამოყენების პირობები.

მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილისათვის ქარსაფარი ზოლის სტატუსის მინიჭებაზე პასუხისმგებელ ორგანოდ განსაზღვრულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო, რომელიც გადაწყვეტილებებს სპეციალური მოკვლევისა და ინვენტარიზაციის შედეგების შესაბამისად მიიღებს.

„1990-იანი წლებიდან, ენერგეტიკული კრიზისის გამო, ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული ქარსაფარი ზოლები ადგილობრივი მოსახლეობის მიერ თითქმის მთლიანად გაიჩეხა. ქარსაფარ ზოლებში ხეების მოჭრა საშეშედ დღემდე გრძელდება. ქვეყნის მასშტაბით გაჩეხილია ქარსაფარი ზოლების დაახლოებით 90%, რაც უარყოფით გავლენას ახდენს ნიადაგის ნაყოფიერებასა და სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობაზე. ქარსაფარი ზოლების გაჩეხვის გამო მნიშვნელოვნად გაძლიერდა ნიადაგის ქარისმიერი ეროზია. დღეისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც საფრთხეს უქმნის ქარსაფარ ზოლებს, არის მოსავლის ნარჩენების დაწვის პრაქტიკა, რაც, თავის მხრივ, იწვევს ხანძრებს და ქარსაფარი ზოლების გადაწვას.

2015 წლის აგვისტოსა და ივლისში გავრცელებული ხანძრების შედეგად საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში (კახეთი, შირაქი) გადაიწვა სახნავ-სათესი მიწების 80%, მათ შორის, ქარსაფარი ზოლები. დაიწვა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) დამხარებით აღდგენილი ქარსაფარი ზოლის დიდი ნაწილი, დაახლოებით 60 კილომეტრზე გაშენებული ახალი ქარსაფარი.

აღმოსავლეთ საქართველოში სახნავი მიწების 20%-ზე მეტი, დაახლოებით 110 ათასი ჰექტარი, ქარისმიერი ეროზიისგან არის დეგრადირებული. ბოლო 50 წლის მანძილზე მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც ძლიერი ქარების, ასევე გვალვების ინტენსივობა. მომავალში კლიმატის გლობალური ცვლილების ფონზე ეს პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდება“, – ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.

პროექტის ავტორი და ინიციატორები არიან დეპუტატები: – ნინო წილოსანი, ალექსანდრე მოწერელია, სამველ მანუკიან, ირაკლი (დაჩი) ბერაია, ზაალ დუგლაძე, შალვა კერესელიძე, გოდერძი ჩანქსელიანი და ხატია წილოსანი.