რუსთავი-თბილისის მიმართულებით, კომპანია “ინტერტრანსის“ მიკროავტობუსებმა მგზავრთა გადაყვანა განაახლეს

610

რუსთავი-თბილისის მიმართულებით, კომპანია ,,ინტერტრანსის“ მიკროავტობუსებმა მგზავრთა გადაყვანა, დილიდან განაახლეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანიაში განუცხადეს, „ინტერტრანსის“ დაქვემდებარებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებები, მგზავრებს სამთავრობო საკოორდინაციო საბჭოს მიერ დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით ემსახურებიან. კერძოდ, აკრძალულია მგზავრის დაშვება მიკროავტობუსში დამცავი პირბადის გარეშე. აღნიშნულ საკითხს ,,ინტერტრანსის“ უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები აკონტროლებენ. ასევე, სავალდებულოა, სატრანსპორტო საშუალების ღია ფანჯრებით გადაადგილება. კორონავირუსის პრევენციის მიზნით, კომპანია, სამარშრუტო ხაზზე გასულ ყველა მიკროავტობუსს დეზინფექციას უტარებს.

დღეს, დილიდან რუსთავში, შიდასაქალაქო მარშრუტებზე მოძრავმა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა, კერძოდ მუნიციპალურმა ავტობუსებმა და კერძო სატრანსპორტო კომპანიების მიკროავტობუსებმაც დაიწყეს მგზავრთა გადაყვანა. რუსთავის მუნიციპალიტეტში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრთა მომსახურება, კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დადგენილი ყველა წესისა და რეკომენდაციის დაცვით ხორციელდება.