საქართველოს ვიცეპრემიერმა მაია ცქიტიშვილმა პრემიერმინისტრის პარლამენტში გამოსვლიდან ანტიკრიზისული გეგმის ნაწილი შეაფასა და იმ ღონისძიებებზე გაამახვილა ყურადღება, რასაც მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის შემოღების დღიდან მიმართა, ესაა – კომუნალური გადასახადების დაფარვა, ბანკებთან შეთანხმებით სესხების გადავადება და სხვა.
„ახლა უკვე შემდგომი სამი თვის განმავლობაში გვაქვს შეთანხმება ბანკებთან, რომ ფიზიკურ პირებს კვლავ შესთავაზებენ სესხების გადავადებას. პირველ ეტაპზე, 600 000 – მა ფიზიკურმა და 7 500 – მა იურიდიულმა პირმა ისარგებლა ამ პაკეტით. მეორე ეტაპზე, მოქალაქეთა დახმარების ნაწილში, ვვარაუდობთ, რომ დაახლოებით 350 000 პირს მიეცემა 1200 ლარიანი პაკეტი, რაც ხელფასის დაკარგვის კომპენსაციაა. ამ კუთხით უკვე 60 000 პირია დარეგისტრირებული და ეს არის მხოლოდ პირველი ნაკადი. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანებზე, რომლებმაც დაკარგეს შემოსავალი, ამას ხედავს შემოსავლების სამსახური. საშემოსავლო დეკლარაციები ბარდება 15 რიცხვისთვის და ჩვენ დავინახეთ, რომ დაახლოებით 60 000 ადამიანმა აპრილში ვერ აიღო ხელფასი. შესაბამისად, ეს მონაცემები გადაეგზავნა სოციალური მომსახურების სააგენტოს, რომელიც უზრუნველყოფს ამ თანხების გაცემას და ამას სჭირდება გარკვეული პერიოდი,“ – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
ვიცეპრემიერის თქმით, დღის წესრიგში დგას თვითდასაქმებულთათვის ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციის გაცემაც და ასეთია ამ ეტაპზე 58 000 ადამიანი, რომლებიც დახმარებას შემდეგი კვირიდან მიიღებენ.
რაც შეეხება სექტორალურ პაკეტებს, მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი შეთავაზებები უკვე გაკეთდა ფერმერებისა და ტურიზმის სექტორისთვის, ახლო მომავალში კი მსგავს ინიციატივებს მოისმენენ სამშენებლო და სამედიცინო სფეროების წარმომადგენლები.
„ჩვენი ყველა პაკეტი ემსახურება ორივე სეგმენტს – მოქალაქეზეც არის ორიენტირებული და გათვლილია ბიზნესზეც, რომელიც ამ სფეროშია ჩართული. შთამბეჭდავი პაკეტი იქნება დეველოპმენტის შემთხვევაში, რადგან ეს არის სფერო, სადაც დასაქმებულია ათასობით ადმიანი, ისევე როგორც – სამედიცინო სექტორში,“ – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.