საქართველოს მთავრობა “იპოთეკების სუბსიდირების” პროგრამის ფარგლებში 70 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს. საერთო ჯამში კი სამშენებლო სექტორის დახმარების გეგმის ბიუჯეტი 434 მლნ ლარია. ამის შესახებ მთავრობის მიერ სამშენებლო სექტორის მხარდაჭერის პაკეტიდან ხდება ცნობილი.
არსებული ინიციატივის მიხედვით, სახელმწიფო სუბსიდირებას 5 წლის განმავლობაში განახორციელებს და თანადაფინანსების მოცულობა 4% იქნება.
რაც შეეხება იპოთეკური სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამის დეტალებს, როგორც პრემიერმინისტრის მიერ გამართულ პრეზენტაციაზე აღინიშნა, სუბსიდირება იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4%-ს შეეხება და სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში გაგრძელდება. სუბსიდირება გაიცემა არაუმეტეს 200 000 ლარის ოდენობის იპოთეკურ სესხებზე და მხოლოდ მათ შეეხებათ, ვინც სესხს 2020 წლის 1-ელი ივნისიდან 2021 წლის 1-ელ იანვრამდე აიღებს.
პროგრამის პირობები და კრიტერიუმები ასეთია:
● იპოთეკური სესხის აღება უნდა მოხდეს – 2020 წლის პირველი ივნისიდან, 2021 წლის პირველ იანვრამდე;
სახელმწიფო თანადაფინანსება – 4%;
● სახელმწიფო წყვეტს სუბსიდირებას, თუ რეფინანსირების განაკვეთი ჩამოსცდება 5%-ს (განახლდება თუ ასცდა 5%-ს);
● სესხის ჭერი – 200,000 ლარი;
● თანადაფინანსება 5 წელი გაგრძელდება (ხელშეკრულების დადებიდან);
● სახელმწიფო გასცემს გარანტიას იპოთეკურ სესხებზე, გარანტიის ოდენობა არის 20%, შესაბამისად სახელმწიფო არის თანამსესხებელი. გარანტია გავრცელდება სესხებზე, სადაც თანამონაწილეობა აღემატება 10%-ს.
მთავრობამ დეველოპერული სექტორის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ჯამში 434 მლნ ლარი გამოყო. როგორც პრემიერის ეკონომიკურმა მრჩეველმა ბექა ლილუაშვილმა სექტორის მხარდამჭერი პაკეტის წარდგენინსას განმარტა, ეს თანხა 4 მიმართულებით დაიხარჯება და უზრუნველყოფს სექტორში დასაქმებული ადამიანიებისთვის სამუშაო ადგილების შენარჩუნებას და დარგის განვითარებას.
„საერთო ჯამში, რომ შევაჯამოთ თითოეული ღონისძიების მიხედვით საჭირო ბიუჯეტი მოხმარდება იმას, რომ პირველ რიგში სექტორში, როგორც პირდაპირ, ასევე სექტორთან დაკავშირებულ სხვა საქმიანობებში დასაქმებულ ჩვენს მოქალაქეებს შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები; მეორე დავეხმაროთ დეველოპერულ სექტორს, რომ დაასრულოს მშენებლობები და ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებმაც უკვე გასწიეს ფინანსური ხარჯი დავიცვათ იმისგან, რომ არ დაკარგონ ეს ფული.
4 ღონისძიება ჯამურად ჯდება 434 მლნ ლარი:
• 70 მლნ ლარი სჭირდება იმას, რომ სახელმწიფომ დაასუბსიდიროს იპოთეკურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი;
• 14 მლნ ლარი არის სახელმწიფო გარანტია იპოთეკური სესხების პორტფელზე;
• 150 მლნ ლარი ეს არის ის თანხა, რომელსაც ჩვენ დამატებით მოვახმართ ჩვენს დევნილ ოჯახებს;
• 200 მლნ ლარი ეს არის საგარანტიო ფონდი შესყიდვებისთვის, რომელიც სრულად ხელმისაწვდომია სექტორისთვის და შესაბამისად ამ პროექტის ფარგლებში შესყიდულ უძრავ ქონებასაც სახელმწიფო გამოიყენებს დევნილი ოჯახების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებისთვის“, – განმარტა პრემიერის ეკონომიკურმა მრჩეველმა.