ფოთში, ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე, სადაც ქართული გადამზიდავი კომპანიების მძღოლებისთვის ტირ-პარკია განთავსებული, ხმაური იყო. მძღოლებმა იქ არსებული პირობები გააპროტესტეს და თვითიზოლაციის რეჟიმის მოხსნა მოითხოვეს.
ამჟამად ტერიტორიაზე თვითიზოლაციაში ამჟამად 168 მძღოლი იმყოფება. ტირ-პარკი ფოთში მიმდინარე წლის 17 აპრილიდან ფუნქციონირებს.
„აქ ჰიგიენის ელემენტარული პირობები არ არის და არც კვებით ვართ კმაყოფილები. გადამზიდავ კომპანიებში მომუშავე მძღოლებს მიგვაჩნია, რომ თვითიზოლაციის წესების დაცვას საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უკეთ შევძლებთ ,“- განაცხადა ერთ-ერთმა მძღოლმა.
შეკრებილებთან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღეს 223 მძღოლის ბიოლოგიური მასალა „პისიარ” კვლევისთვის გაიგზავნა და პასუხების მიღებისთანავე ისინი ტერიტორიას დატოვებენ. მათივე თქმით, ახალი რეგულაციის თანახმად, ტირ-პარკი ხვალიდან არ იფუნქციონირებს. ამჟამად იქ თვითიზოლაციის პროცესს 168 მძღოლი გადის.
„როგორც მოგეხსენებათ, საერთაშორისო გადაზიდვა ითვლება ერთ-ერთ სარისკო საქმიანობად. მძღოლები ახალი რეგულაციებით აუცილებლად უნდა გაიტესტონ. დღეს გავტესტეთ „პისიარ“ ტექნოლოგიით 223 მძღოლი. ველოდებით პასუხებს და შესაბამისად, ისინი თავიანთ ლოკალიზაციის ტერიტორიაზე გადავლენ. მას შემდეგ რაც უარყოფითი პასუხები მოვა, 72 საათის განმავლობაში მძღოლებს აქვთ უფლება დატოვონ ტერიტორია და დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში. იქ კი მათ ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი გააკონტროლებს. ახლა სათანადოდ არ იქცევიან, მაგრამ იმედია, ყველას ტესტი იქნება უარყოფითი და ყველას მივულოცავ“, – განაცხადა ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ.
ფოთის მერისთვის გაუგებარია მძღოლების პროტესტი და მოთხოვნა ტერიტორიის დატოვების შესახებ. როგორც გოჩა კურდღელია აცხადებს, ტირ-პარკი ხვალიდან ისედაც წყვეტს ფუნქციონირებას და მძღოლებმა ყველა შემთხვევაში უნდა დატოვონ აღნიშნული ტერიტორია.
შეგახსენებთ, 17 აპრილს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, ფოთის აეროდრომის ტერიტორიაზე დროებითი ნაგებობები აშენდა, სადაც ქართული გადამზიდავი კომპანიების მძღოლებს შეეძლოთ ახალი შეკვეთის მიღებამდე გაჩერება.