საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადადგილების შეზღუდვის გაგრძელების გამო, გორის მერია ექიმების ტრანსპორტირებას ისევ უზრუნველყოფს, – ამის შესახებ უწყების პრესსამსახურში განმარტავენ. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
როგორც ირკვევა, კონტრაქტორ ორგანიზაციასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას, რითიც ექიმების ტრანსპორტირება ხდებოდა, ვადა ეწურება. იმ შემთხვევაში, თუ ახალი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ აღნიშნული შეზღუდვა მოიხსნება, როგორც მერიაში ამბობენ, ახლადგაფორმებული ხელშეკრულება მხარეთა შეთანხმების შედეგად იმ მომენტისთვის შეწყდება.
სამედიცინო პერსონალის რაოდენობა 200-ს შეადგენს, ხელშეკრულების გაფორმება კი მერიას 1 თვის ვადით სურს.
“ვითხოვთ ახალი ხელშეკრულების გაფორმებას, რათა სამედიცინო პერსონალს არ შეექმნას გადადგილების პრობლემა. თუ დაგვრთო ნება შესყიდვების სააგენტომ და გაფორმდა დოკუმენტი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადადგილების ნებართვისთანავე შეწყდება ხელშეკრულება. ანუ მაშინ, როცა ეს ადამიანები შეძლებენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობას”, – აცხადებენ მერიაში.