თბილსიის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ ონლაინგამოკითხვის მეშვეობით, პანდემიის დროს დაზარალებული ღამის კლუბების პრობლემები სრულად შეისწავლეს და მათ დახმარებასაც გეგმავენ. ამაზე მერმა 23 მაისს, ღამის ეკონომიკაზე დასმული კითხვის პასუხად ისაუბრა:
„ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, ონლაინგამოკითხვა გავაკეთეთ და გვაქვს სრული სურათი, თუ რა პრობლემების აქვთ ღამის კლუბებს, როგორ დააზიანა პანდემიამ და ვაპირებთ, გარკვეული პაკეტის შეთავაზებას ამ მიმართულებისთვის,“ – განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
8 მაისს საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების გაერთიანებამ ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნული იყო, რომ კორონავირუსის პანდემიამ და თანმდევმა კრიზისმა ისინი უმძიმესი გამოწვევის წინაშე დააყენა.
„შეჩერებულია სახელოვნებო, მუსიკალური და რეკრეაციული სივრცეების, კლუბების, ფესტივალების, სახელოსნოების, სტუდიებისა და არტისტების მუშაობა, რამაც არამხოლოდ ქვეყანაში მიმდინარე კულტურული პროცესები შეაჩერა, არამედ უიმედოდ დატოვა ათასობით დასაქმებული, ინდუსტრიების მომავალი კი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიები წარმოადგენს საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს და კულტურის სტრატეგია 2025-ის სტრატეგიულ მიმართულებას, თუმცა დღემდე არ ვფლობთ ინფორმაციას თუ რა გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ პროცესებზე შემოქმედებითი ინდუსტრიები, არც მის სექტორებში დასაქმებული პირების მონაცემებია ხელმისაწვდომი, შესაბამისად არ გვაქვს ინფორმაცია კორონავირუსის შედეგად რა ზარალი მიადგა მთლიან ინდუსტრიას ან მის სექტორში დასაქმებულ ადამიანებს. მიგვაჩნია და ვფიქრობთ, ეჭვს არ იწვევს, რომ კრიზისის ფონზე სახელმწიფო ვალდებულია გვერდში დაუდგეს და გადაარჩინოს თანამედროვე კულტურული ეკოსისტემა“ – წერია წერილში.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი იყო გამოცხადებული. საგანგებო მდგომარეობა და ე.წ. კომენდანტის საათი ქვეყანაში 23 მაისიდან გაუქმდა.
საგანგებო მდგომარეობის მოხსნის მიუხედავად, რიგი შეზღუდვები ისევ დარჩა. მათ შორის, იზღუდება 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა, რომელიც დაკავშირებულია სოციალურ ღონისძიებებთან (მაგ.: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.); დახურულ საჯარო სივრცეში ყველა პირი ვალდებულია, ატაროს პირბადე;
დაშვებული გახდა ყველა ეკონომიკური საქმიანობა, გარდა: რესტორანში, ბარში, კაფესა და ნებისმიერი სახის სასადილოში მომხმარებლის ადგილზე კვების მომსახურებისა; ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობისა (დასაშვებია „ონლაინ“); სავაჭრო ცენტრებისა (ე. წ. მოლები) და ბაზრობების ფუნქციონირებისა (გარდა ღია ტიპის აგრარული ბაზრობებისა); სპორტული, კულტურული და გასართობი ღონისძიებების ორგანიზება/ჩატარებისა; სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროცედურა/აქტივობებისა; ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობისა;
შეზღუდული რჩება საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენითა და საბაგიროთი გადაადგილება და სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა; შეზღუდული რჩება საქალაქთაშორისო და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანა სამარშრუტო ტაქსებითა და ავტობუსებით;
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 212 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 731 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 526 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა.