ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ცხინვალის დეფაქტო მთავრობას ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

694

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის განცხადება მის წინააღმდეგ გამიზნულ და უპასუხისმგებლო დეზინფორმაციად შეაფასა და ცრუ ინფორმაცია კატეგორიულად უარყო. ამ შინაარსის განცხადება მისიამ გაავრცელა.

„20 მაისს სამხრეთ ოსეთის მედიაში გამოქვეყნებულმა ცნობებმა საქართველოში რ . ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის შესახებ, არაზუსტად და სრულიად მცდარად აისახა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ქმედება სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ 26 აპრილს.

კატეგორიულად უარვყოფთ რა ცრუ ცნობებს, რომელიც მისიის წინააღმდეგ მიმართული გამიზნული და უპასუხისმგებლო დეზინფორმაციის კიდევ ერთი მაგალითია ჩვენ ვაცხადებთ:

26 და 27 აპრილს მისიამ უპასუხა ცხელი ხაზის გააქტიურებას „პირადი მანქანების” შესახებ რომელიც ახლდა მის პატრულს. საპასუხოდ, მისიამ განმარტა, ისევე როგორც აქ განმარტავს, რომ დასახელებული მანქანები იყო სასწრაფო დახმარების მანქანები.

სასწრაფო დახმარების მანქანები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პატრულებს თან ახლავს მისიის დაარსების დღიდან. ისინი წინასწარი სიფრთხილის სტანდარტული ზომაა. ჩვენს თანამშრომლებზე ზრუნვის ვალდებულების ნაწილია, რომ ისინი თან ახლდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლებს, რათა საჭიროების შემთხვევაში სწრაფად შეძლონ აუცილებელი დახმარება, მაგალითად, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოშორებით არსებულ ადგილებში, სადაც სწრაფი სამედიცინო დახმარების მიღება რთულია.

სასწრაფო დახმარების მანქანა მკვეთრად ხილვადი იყო. საიდუმლო მოძრაობა არ ყოფილა. პატრული ჩატარდა გეგმის მიხედვით. არც ერთ მოქალაქესთან კონტაქტი არ შემდგარა. არანაირი ნიმუში არ შეგროვებულა და ამის განზრახვაც არ არსებობს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია არის სადამკვირვებლო მისია, იგი ყოველდღიურად აწარმოებს დაკვირვებას, მათ შორის COVID პანდემიის დროს.

ყველა მხარემ, მათ შორის სამხრეთ ოსეთის მონაწილეებმა იციან ეს ფაქტები, რომელიც მათ აუხსნეს ცხელი ხაზის მეშვეობით 26 და 27 აპრილს და ადრეც მრავალი წლის განმავლობაში, მაგალითად , ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებზე ჯერ კიდევ 2014 წელს .

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ყოველდღიურად აკვირდება ვითარებას ადგილზე სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ. ჩვენი მისია მუდმივად პატრულირებს მიმდინარე პანდემიის დროს. ჩვენი მიდგომა არის სრულად მიუკერძოებელი“, – ნათქვამია მისიის განცხადებაში.

დეფაქტო მთავრობა თბილისს „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქეების“ ბიოლოგიური მასალის მოპოვების მცდელობაში სდებს ბრალს.