„კავკასიური სახლის“ მიმართვა ვიოლა ფონ კრამონს: თქვენს მიერ „პოლიტპატიმრად“ გამოცხადებული უგულავა ბიუჯეტის ქურდი და დემონსტრანტების დარბევაში მხილებული პირია

1004

“პატივცემულო ქ-ნ ფონ კრამონ-ტაუბადელ, ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ დახარჯეთ ამდენი დრო და ენერგია ბიუჯეტის ქურდის, ქალაქის განადგურებასა და მშვიდობიანი დემონსტრაციების დარბევაში მრავალგზის მხილებული პირის, სისხლის სამართლის დამნაშავის (გიგი უგულავას) გადარჩენისათვის, მისი პოლიტპატიმრის მანტიით შემკობისათვის”, – „კავკასიური სახლის“ ხელმძღვანელობა ღია წერილით მიმართავს ევროპარლამენტის მწვანეთა ფრაქციის წევრს, ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელს, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის “შეწყალების აქტმა გზა გაუხსნა დემოკრატიულ არჩევნებს” და ასევე ახსენა, რომ მართლმსაჯულების ხარვეზია, როცა ქვეყანას პოლიტპატიმრები ჰყავს.

“კავკასიური სახლის” ხელმძღვანელობის განცხადებით, ევროპარლამენტარის განსაკუთრებულმა მონდომებამ, აქტიურობამ და აქამდე ჯერ არნახულმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო, საქართველოს პრეზიდენტმა ორი დამნაშავე შეიწყალა და ციხიდან გამოუშვა.

“ვფიქრობთ, რომ თქვენ ბატონების – უგულავასა და ოქრუაშვილის – შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას არ ფლობთ და იმ პოლიტიკური ძლების გავლენის ქვეშ იმყოფებით, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ საქართველოს ექსპრეზიდენტის, ამჟამად სამართალში მიცემული მიხეილ სააკაშვილის  ავტორიტარული რეჟიმის რეაბილიტაციას,”- წერია ღია წერილში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„კავკასიური სახლი“ საქართველოს ერთ-ერთი უძველესი  საზოგადოებრივი ინსტიტუტია, რომელმაც საქმიანობა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში დაიწყო. მაშინ ამ მულტიკულტურულ და მულტიეთნიკურ  საგანმანათლებლო ორგანიზაციას  „მთარგმნელთა კოლეგია“ ერქვა და წარმოადგენდა მხატვრული თარგმანის პროფესიულ ცენტრს, რომელიც  ემსახურებოდა  როგორც  ქართული ლიტერატურის თარგმანს მსოფლიოს ენებზე, ასევე,  ევროპული  აზროვნებისა და  ლიტერატურის უმნიშვნელოვანესი ძეგლების  თარგმნას ქართულ ენაზე და მათ პოპულარიზაციას. ამ გზაზე ორგანიზაციას უხდებოდა მრავალი წინააღმდეგობის დაძლევა, რასაც მას ანტიდასავლურად მომართული ოფიციალური იდეოლოგია უქმნიდა. განსაკუთრებულ ყურადღებას კი ჩვენი ცენტრი უკვე მაშინ გარემოსდაცვით პრობლემებს აქცევდა.

1990-იანი წლების დასაწყისში „კავკასიური სახლი“ საქართველოს მწვანეთა მოძრაობის კოლექტიური წევრი გახდა, მისი წამყვანი თანამშრომლები აქტიურად მონაწილეობდნენ  მწვანეთა მოძრაობის დაფუძნებაში და იყვნენ საერთო კავკასიური მოძრაობის  – „კავკასია -ჩვენი საერთო სახლი“ – სულისჩამდგმელები და ხელმძღვანელები.  ჩვენი თანამშრომლები მრავალი წლის განმავლობაში იბრძოდნენ  საბჭოთა ტექნოკრატიული მაფიის წინააღმდეგ, რომელიც  გიგანტური ინფრასტრუქტურული მშენებლობებით ანადგურებდა საქართველოსა და კავკასიის უნიკალურ ბუნებას. და ყველანაირად ცდილობდა ხელი შეეწყო კავკასიის რეგიონში საერთო კულტურული, ეკოლოგიური  და სამშვიდობო სივრცის ჩამოყალიბებისთვის.

„კავკასიური სახლისა“ და მისი გარემოსდაცვითი მოღვაწეობისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა თანამშრომლობას  (მწვანეთა პარტიის  პარტნიორ) ჰაინრიჰ ბიოლის ფონდთან. ფონდის ხელშეწყობით წლების მანძილზე იმართებოდა არა მხოლოდ საერთო -კავკასიური გარემოსდაცვითი და სამშვიდობო ღონისძიებები, არამედ ქართულად ითარგმნა ცნობილი ევროპელი მწვანე პოლიტიკოსებისა და ინტელექტუალების (პეტრა კელის, იურგენ ტრიტინის, რუდოლფ ბაროს, რალფ ფუქსის, გერჰარდ შიკისა და ნაუმი კლაინის) ტექსტები. რამდენიმე მათგანი სხვა მწვანე მოღვაწეებთან ერთად ჩვენს ოფისშიც გახლდნენ სტუმრად.

„კავკასიური სახლის“ ისტორიის გახსენებით მხოლოდ იმის თქმა გვინდა, რომ თქვენ, როგორც ევროპის მწვანეთა პარტიის წევრი, ჩვენს თანამებრძოლად მიგვაჩნიხართ. ვფიქრობთ, რომ ჩვენ ერთმანეთთან საერთო პოლიტიკური და ეთიკური ღირებულებები გვაერთიანებს. აქედან გამომდინარე, გვსურს, საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის გულისტკივილი გაგიზიაროთ.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში თქვენ აქტიურად ლობირებდით რამდენიმე ქართველი პოლიტიკოსის გათავისუფლების საკითხს. თქვენმა განსაკუთრებულმა მონდომებამ, აქტიურობამ და აქამდე ჯერ არნახულმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო, საქართველოს პრეზიდენტმა ორი დამნაშავე შეიწყალა და ციხიდან გამოუშვა. ვფიქრობთ, რომ თქვენ ბატონების – უგულავასა და ოქრუაშვილის – შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას არ ფლობთ და იმ პოლიტიკური ძლების გავლენის ქვეშ იმყოფებით, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ საქართველოს ექსპრეზიდენტის, ამჟამად სამართალში მიცემული მიხეილ სააკაშვილის ავტორიტარული  რეჟიმის რეაბილიტაციას.

ბ-ნი გიგი უგულავა სააკაშვილის ავტორიტარული მმართველობის დროს ქალაქ თბილისის მერი გახლდათ. მის სახელს უკავშირდება დედაქალაქის არაერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განადგურება. მაგალითად, შეგვიძლია გავიხსენოთ მირზა შაფის ქუჩის შემთხვევა, როდესაც გიგი უგულავას ადმინისტრაციის უკანონო ნებართვით მსხვილმა ინვესტორებმა, ფეხით გაქელეს რა  სამოქალაქო საზოგადოების პროტესტი, – მიწასთან გაასწორეს მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბებული ქუჩათა ქსელი,  უნიკალური არქიტექტურული ნაგებობების ნაწილი და უსახლკაროდ დატოვეს იქ მაცხოვრებლები.

გ. უგულავას მმართველობის პერიოდში თბილისი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე დაბინძურებულ ქალაქად იქცა. მოხდა მრავალი სკვერის, ბაღისა და საჯარო სივრცის პრივატიზაცია, რის შედეგად დასახლებაში კრიტიკულად შემცირდა მწვანე საფარის რაოდენობა. ბევრ ჩვენგანს გიგი უგულავა უნახავს 2007-2011 წლებში ოპოზიციური პარტიების საპროტესტო დემონსტრაციების სასტიკად დარბევის დროს, როდესაც იგი პოლიციას მითითებებს აძლევდა, უმოწყალოდ დაესაჯა კანონიერი აქციის მონაწილენი. გიგი უგულავა საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეში სასამართლოს მიერ ოფიციალურად არის ცნობილი დამნაშავედ: თქვენ მიერ „პოლიტიკურ პატიმრად“ გამოცხადებულ პირს ბრალი ედება  დედაქალაქის ხაზინიდან 50 მილიონი ლარის პარტიული მიზნებისთვის გამოყენებაში. (მაგალითად,  გიგი უგულავა  „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კონცერტის მონაწილე მუსიკოსებს დედაქალაქის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებად აფორმებდა და რიგით მეეზოვეებთან შედარებით გაცილებით მაღალ ხელფასს თვეობით უხდიდა).

პატივცემულო ქ-ნ ფონ კრამონ-ტაუბადელ, ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ დახარჯეთ ამდენი დრო და ენერგია ბიუჯეტის ქურდის, ქალაქის განადგურებასა და მშვიდობიანი დემონსტრაციების დარბევაში მრავალგზის მხილებული პირის, სისხლის სამართლის დამნაშავის გადარჩენისათვის, მისი პოლიტპატიმრის მანტიით შემკობისათვის.

„კავკასიურმა სახლმა“ თავისი ოფიციალური განცხადებით უმკაცრესად დაგმო 2019 წლის 20 ივნისის მოვლენები, როდესაც მთავრობის მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენების შედეგად რამდენიმე ჩვენმა თანამოქალაქემ დაკარგა თვალი, ათობით  აქტივისტმა კი მიიღო ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება. თუმცა, დემონსტრაციის ტრაგიკულად დასრულებაზე ჩვენ პასუხისმგებლობას მხოლოდ ხელისუფლებას არ ვაკისრებთ. მივიჩნევთ, რომ რიგმა ოპოზიციურმა ძალებმაც შეუწყვეს ხელი პროვოკაციულ მოქმედებებს, როდესაც პარლამენტის შტურმით, ძალადობრივი მეთოდებით აღება სცადეს. შტურმის ორგანიზატორთა შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური სწორედ ბ-ნი ოქრუაშვილი გახლდათ, რომელიც საქართველოს სასამართლომ ასევე ოფიციალურად მიიჩნია სისხლის სამართლის დამნაშავედ. აქვე იმასაც მოგახსენებთ, რომ ბ-ნმა ოქრუაშვილმა საქართველოს უახლეს ისტორიაში  თავი გამოიჩინა, როგორც  ყველაზე  უფრო აგრესიულმა და სახიფათო  მილიტარისტმა პოლიტიკოსმა:  2004 წელს მის მიერ დაგეგმილი გაუაზრებელი სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობისას ცხინვალის რეგიონში რუსი და ოსი შეიარაღებული ფორმირებების ხელით ათობით ქართველი მშვიდობიანი მოსახლე, ჯარისკაცი და პოლიციალი დაიღუპა. დაიღუპნენ, ცხადია,  მოწინააღმდეგე მხრიდანაც. 2006 წელს თავდაცვის მინისტრი ოქრუაშვილი ცენტრალური ტელევიზიების პირდაპირ ეთერში იმუქრებოდა, რომ ახალ წელს თავის თანამებრძოლებთან ერთად ცხინვალში შეხვდებოდა. ოფიციალურ უწყებებზე თავდასხმის ორგანიზატორი, ავანტიურისტი პოლიტიკოსი დღეს თქვენი წყალობით უკვე პოლიტპატიმრის სტატუსით ცდილობს დივიდენდების დაგროვებას.

ჩვენ შესანიშნავად, თქვენზე და თქვენს კოლეგებზე ბევრად უკეთ გვესმის, რომ ქართულ დემოკრატიასა თუ მართლმსაჯულებას უამრავი მძიმე პრობლემა აქვს და არ ვაპირებთ ამასთან შეგუებას. გულწრფელად ვაფასებთ დასავლეთის დახმარებას, რომლის მიზანიც ახალი ინსტიტუტების მშენებლობა და სისტემური ცვლილებების განხორციელებაა. მაგრამ საგანგაშოდ მიგვაჩნია, რომ  ხშირად რიგი ევროპელი პოლიტიკოსები დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერის ნაცვლად, ნებსით თუ უნებლიეთ, ხელს უწყობენ ნეოკოლონიალიზმის ყველაზე ფარული და დახვეწილი ფორმების საქართველოში დანერგვის მცდელობებს, ქართველი ხალხის დახმარების ნაცვლად კი მაშველ რგოლს აწვდიან კორუმპირებულ,  მილიტარისტ, დანაშაულში მხილებულ პოლიტიკოსებს, რომლებიც ყველა სხვა მანკიერებასთან ერთად კიდევ  იმით ხასიათდებიან, რომ ბუნების მიმართ სრულიად პარაზიტულ-მომხმარებლური დამოკიდებულება აქვთ და  მთელ ჩვენს სასიცოცხლო სივრცეს განადგურებით ემუქრებიან.

ჩვენ არ გვინდა, რომ თქვენ – ადამიანი, რომელსაც ტყიბულელ მეშახტეებთან ურთიერთობის გამოცდილებაც კი გაქვთ და წარმოადგენთ პაციფისტური და გარემოსდაცვითი მოძრაობის მემკვიდრე პარტიას – გახდეთ ამ მანკიერი პრაქტიკის ნაწილი.

დღევანდელ საქართველოში მოქალაქეთა მრავალი ჯგუფი ცხოვრობს მუდმივი სოციალური ჩაგვრის პირობებში. მათ შორის განსაკუთრებით უჭირთ საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების მაცხოვრებლებს:  მრავალი წელია სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის, აჭარისა და მცხეთა-მთიანეთის მოსახლეობას სიღარიბესთან ერთად სასიცოცხლო სივრცის ერთიანი განადგურებაც ემუქრება.  ამასთან, ლაპარაკია მაღალმთიანეთის სრულიად უნიკალურ ბუნებაზე: სააკაშვილისა და ივანიშვილის მთავრობებმა შეიმუშავეს 150-მდე საშუალო და გიგანტური ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროექტი. ამ ჰესების აშენებას  ხელისუფლება საეჭვო ტრანსნაციონალური კორპორაციების დახმარებით გეგმავს.

გარემოს ყველა დამცველმა იცის, რომ გიგანტური კაშხლები და წყალსაცავები  განადგურებით ემუქრება ათობით ათასი ადამიანისა თუ ცხოველის სასიცოცხლო სივრცეს: უძველეს ტყეებს,  ენდემებს, სავარგულებს, ვენახებს, ძველი კულტურის ძეგლებს… ეს ანტიმეცნიერული პროექტები  საქართველოსთვის ეკონომიკურად წამგებიანია, სოციალურად აგრესიული და ეკოლოგიურად  -კატასტროფის მომტანი, რითაც სრულიად ეწინააღმდეგება  ევროკავშირის მიერ შემუშავებულ სტანდარტებს. მართალია, ევროპის ბუნებისდაცვითმა ორგანიზაციამ  მოსთხოვა საქართველოს მთავრობას, დაიცვას მის მიერ ხელმოწერილი CONVENCION DE BERNE , ანუ დაიცვას მდინარეები, მაგრამ ასეთი მთავრობები ადვილად არ იღებენ ხელს იმ პროექტებზე, რომელთაგან თავად გამოელიან მოგებას.

აი, აქ გვჭირდება თქვენი და არა მხოლოდ თქვენი დახმარება ქალბატონო ფონ კრამონ-ტაუბადელ.

ამიტომ,  მოგიწოდებთ:  ცალკეული კრიმინალების ციხიდან დახსნის ნაცვლად,  დაგვიდგეთ გვერდით,   რათა ერთად გადავარჩინოთ  საქართველოს  რეგიონები,  მისი უნიკალური სილამაზის მაღალმთიანეთი,  ველური, ნეოლიბერალური კაპიტალიზმისა და მისი მხარდამჭერი პოლიტიკური ძალებისგან!”

წერილს ხელს აწერენ: ნაირა გელაშვილი – კავკასიური სახლის გამგეობის თავმჯდომარე, მწერალი, გერმანისტი, გარემოს დამცველი;

გიორგი ლობჟანიძე – კავკასიური სახლის გამგეობის წევრი, თსუ-ის პროფესორი, აღმოსავლეთმცოდნე, პოეტი;

ლევან ლორთქიფანიძე – კავკასიური სახლის გამგეობის წევრი, პოლიტოლოგი;

თეა გალდავა – კავკასიური სახლის გამგეობის წევრი, ისტორიკოსი;

ივანე აბრამაშვილი – კავკასიური სახლის აღმასრულებელი დირექტორი, კონფლიქტოლოგი.