თბილისში, წელს 13 000-მა ოჯახმა ისარგებლა საზაფხულო ბაგა-ბაღების გაუმჯობესებული პროგრამით, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ტალიაშვილმა განაცხადა, რომელიც საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ ლია ჯახველაძესთან ერთად, სამგორის რაიონში მდებარე N128 საზაფხულო ბაგა-ბაღის აღსაზრდელების მონაწილეობით გამართულ ღონისძიებას დაესწრო.
თამარ ტალიაშვილის განცხადებით, საზაფხულო ბაგა-ბაღების პროგრამის გაუმჯობესებული სერვისით წელს უკვე უპრეცედენტოდ დიდმა რაოდენობამ – 13 000 ოჯახმა ისარგებლა.
„მოხარული ვარ, რომ თბილისში წელს უკვე 40 საბავშვო ბაგა-ბაღში ხორციელდება საზაფხულო პროგრამა, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა და ზრუნვა იმ ოჯახების კეთილდღეობაზე, რომლებსაც პატარები ცხელ დღეებში, აგვისტოს თვემდე ქალაქგარეთ ვერ გაყავთ“, – განაცხადა ტალიაშვილმა.
როგორც საკრებულოში აცხადებენ, თბილისის მერიის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ საზაფხულო ბაგა-ბაღები ადგილმდებარეობის, შენობისა და კეთილმოწყობილი ეზოების გათვალისწინებით შეირჩა და ისინი თბილისის ყველა რაიონში ფუნქციონირებს. საზაფხულო ბაღებში ბავშვებს განსხვავებული დღის რეჟიმი და მენიუ აქვთ, მათი კვების რაციონი გამდიდრებულია ხილით, ბოსტნეულითა და ნატურალური რძის პროდუქტებით.
საზაფხულო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 31 ივლისს დასრულდება.
წყარო: ინტერპრესნიუსი