IDFI: რუსთავის მუნიციპალიტეტმა 25 მარტიდან 11 მაისის ჩათვლით, შპს „მადაგონი 2-თან” 17 გამარტივებული ხელშეკრულება დადო

1309

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მუნიციპალიტეტმა Covid-19-ის გამო დამდგარი გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით შესყიდვების სააგენტოს სხვადასხვა საკვები პროდუქტის გამარტივებული შესყიდვის უფლების მოთხოვნით 20 მარტს მიმართა, – ამის შესახებ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) კვლევაშია აღნიშნული.

როგორც კვლევაში ვკითხულობთ, მიღებული თანხმობის საფუძველზე, 25 მარტიდან 11 მაისის ჩათვლით, რუსთავის მუნიციპალიტეტმა 17 გამარტივებული ხელშეკრულება დადო, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ 411,532 ლარი შეადგინა.

“ყველა შესყიდვის შემთხვევაში მომწოდებელი ერთი კომპანიაა – შპს „მადაგონი 2”. კომპანია რუსთავშია რეგისტრირებული, მისი დირექტორი იური ბედინეიშვილია, რომელმაც 2016 წელს ქართულ ოცნებას 60,000 ლარი შესწირა.

ანალოგიური საფუძვლით, შესყიდვების სააგენტოს გარდაბნის მუნიციპალიტეტმაც რამდენჯერმე მიმართა და თანხმობის შემდგომ იმავე შპს მადაგონი 2-თან 5 ხელშეკრულება გააფორმა, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ 243,741 ლარი შეადგინა”, – ვკითხულობთ კვლევაში.

კვლევის მიხედვით, აღნიშნულმა კომპანიამ Covid-19-თან დაკავშირებული გამარტივებული შესყიდვებით ჯამში 655,000 ლარზე მეტი მიიღო.