სექსუალური შევიწროების კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის თავზე, საჯარო უწყებებში სექსუალურ შევიწროებაზე რეაგირების მექანიზმები დაინერგება, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საჯარო უწყებებში სექსუალური შევიწროების გამოვლენისა და რეაგირების შიდაორგანიზაციული მექანიზმების დანერგვაზე ადამიანის უფლებების საბჭოს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის უწყებათაშორისი კომისია იმუშავებს.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, საჯარო სამსახურის ბიუროსა და მთავრობის ადმინისტრაციის თანათავმჯდომარეობით, საკითხზე მომუშავე ჯგუფის დისტანციური შეხვედრა უკვე გაიმართა. მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებმა მათი უწყებების მიერ უკვე გატარებულ ღონისძიებებსა და არსებულ გამოცდილებაზე ისაუბრეს.
გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა ქვეყანაში სექსუალური შევიწროების მექანიზმების დანერგვის ხელშეწყობის მიმართულებით ორგანიზაციის პროგრესი წარადგინა. მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სამუშაო პროცესის შედეგად, ერთიანი პროტოკოლები და პრინციპები შემუშავედება თუ რა ქმედებები უნდა განახორციელოს საჯარო უწყებამ სექსუალური შევიწროების ფაქტის დაფიქსირების დროს.
2019 წლის მაისიდან სექსუალური შევიწროება საქართველოს კანონმდებლობით დასჯადი გახდა როგორც საჯარო სივრცეებში, ასევე, სამსახურში, სასწავლებელსა და სხვა კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში.