რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, „მზიურის პარკის“ რეაბილიტაციის პროექტი დასკვნით ფაზაშია.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო თბილისის მერიასთან ერთად ახორციელებს.
„პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება, დაახლოებით, 7.8 მილიონი ლარია. სამუშაოები ითვალისწინებს 13 ივნისის წყალდიდობის შედეგად დაზიანებული ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის მიმდებარედ არსებული გამწვანებისა და პარკის სრულად განახლებას. მზიურის პარკის რეაბილიტაციის ფარგლებში აღდგა არსებული მოზაიკები, ხიდები, კიბეები და გამოიცვალა ყველა სახის კომუნიკაცია: კანალიზაცია, სასმელი წლის, ირიგაციის, ხანძარსაწინააღმდეგო და გარე განათების სისტემები. პარკის ტერიტორიაზე მოეწყო ველო-ბილიკები, სკამები, ურნები, ფანჩატურები, სასმელი წყლის სოკოები, დასასვენებელი ადგილები და დაიდგა ზონირების შესაბამისი ნიშნები. ასევე პარკის ტერიტორიაზე მოეწყო ხელოვნური ტბა, სკეიდბორდისა და საბავშვო გასართობი მოედნები.
პროექტის დასრულების შემდეგ დედაქალაქს კიდევ ერთი, სრულად კეთილმოწყობილი მრავალფუნქციური რეკრეაციული ზონა შეემატება. პარკი სხვადასხვა ტიპის სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ სივრცეებად იყოფა. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც დამატებით ხიბლს შესძენს და „მზიურს“ ბევრად უფრო კომფორტულს გახდის, როგორც ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის, ასევე მთელი დედაქალაქის მოსახლეობისთვის. განახლებული ინფრასტრუქტურა ადაპტირებული იქნება როგორც შშმ პირებისთვის, ასევე მშობლებისთვის, რომლებიც ეტლით გადაადგილებენ ბავშვებს“,- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავცელებულ ინფორმაციაში.