დღეს წიგნის – “ერობა – თვითმმართველობის რეფორმა საქართველოს რესპუბლიკაში – 1918” პრეზენტაცია გაიმართება

1060

დღეს ფონდის – „ღია საზოგადოება – საქართველო“ ოფისში (ჭოველიძის ქ. 10) საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია გამართავს წიგნის – „ერობა – თვითმმართველობის რეფორმა საქართველოს რესპუბლიკაში – 1918“ პრეზენტაციას.

პრეზენტაციაზე კვლევის შესახებ მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი ისაუბრებს.

წიგნი 1918-1920 წლების საერობო რეფორმას ეხება და მკითხველს შესაძლებლობა აქვს, გაეცნოს არა მარტო რეფორმის ჩატარების სპეციფიკას, გეოგრაფიასა და მიმდინარეობას მაზრების მიხედვით, არამედ თავად თვითმმართველობის საკითხებზე მიმდინარე დისკუსიებს მე-19 საუკუნის შუა პერიოდიდან 1918 წლამდე.

კვლევის ავტორთა თქმით, ვინაიდან თვითმმართველობის საკითხები დღესაც აქტუალურია, განსაკუთრებით, შვიდი ქალაქისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის გაუქმების ფონზე, წიგნი განსაკუთრებით საყურადღებო იქნება თვითმმართველობის საკითხებით დაინტერესებული პირებისთვის, რომლებსაც შესაძლებლობა ეძლევათ, გაეცნონ თითქმის საუკუნის წინანდელ გამოცდილებასა და ხედვას, რომელიც, დღევანდელთან შედარებით, გაცილებით თამამი იყო.

ერობის რეფორმის შესახებ კვლევა საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ 2016-2017 წლებში, ფონდის – „ღია საზოგადოება – საქართველო“ ფინანსური მხარდაჭერით ჩაატარა.

წიგნის პრეზენტაცია 18:30 საათზე დაიწყება.