გორის მერს, შესაძლოა, უკვე დაკავებულ თანამდებობაზე ყოფილი თანამშრომლის აღდგენა მოუწიოს

605

გორის მერიის ყოფილი თანამშრომელი, რომელმაც თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა, სამსახურში აღდგენას ითხოვს. ამის მისაღწევად, მას დავა სასამართლოში აქვს დაწყებული. მისი ადგილი კი მერიაში უკვე სხვა კადრს აქვს დაკავებული. რა მოხდება, თუკი სასამართლო ყოფილი თანამშრომლის მოთხოვნას დააკმაყოფილებს? ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

თეიმურაზ მანველიშვილის სამსახურიდან წასვლა ყველა კანონის დაცვით მოხდა, – ამბობს გორის მერი, რომელსაც მერიის შესყიდვების სამსახურის ყოფილი უფროსი თანამდებობაზე აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას სთხოვს.

“მან დაწერა განცხადება გათავისუფლების თაობაზე, რაც თავიდან არ დავაკმაყოფილე. ჩვენ გვაქვს ამის საშუალება, რომ მივცეთ საშუალება მოიფიქროს, თუმცა ხელმეორედაც დაწერა განცხადება, სადაც უკვე დაუყონებლივ ითხოვდა გათავისუფლებას. ამ შემთხვევაში, ჩვენ აღარ გვქონდა უფლება რომ არ დაგვეკმაყოფილებინა მისი განცხადება. ანუ ის სამსახურიდან საკუთარი გადაწყვეტილებით არის წასული”, – აცხადებს გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი.

თეიმურაზ მანველიშვილმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე 2019 წლის 8 თებერვალს დატოვა. თითქმის ერთი წლის შემდეგ კი, სასამართლოს მიმართა და სამსახურში აღდგენისთვის ბრძოლა დაიწყო. გორის მერი ამბობს, რომ არ იცის, როგორ მოიქცევა, თუ სასამართლო სამსახურიდან წასული თანამშრომლის აღდგენას დაავალებს.

“სჯობს სასამართლოს გადაწყვეტილებას დაველოდოთ”,- ამბობს გორის მერი.

დავა მანველიშვილსა და მერიას შორის, გორის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს.

“მე არ მინდა გარკვეულმა ჯგუფებმა კვლავ გააგრძელონ სახელმწიფო ინსტიტუტებში დასაქმებული ადამიანების შეურაცხყოფა და ლანძღვა საკუთარი ინტერესების და ბინძური მიზნების წინა პლანზე წამოსაწევად, რასაც აქტიურად ხელს უწყობს ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და გაურკვეველი თუ გარკვეული პოლიტიკოსების ჯგუფები”, – ასე ხსნის მანველიშვილი სასამართლო დავის დაწყებას.

როგორც გორის მერიის ყოფილი თანამშრომელი ამბობს, 2019 წლის თებერვალში მას სამსახურის დატოვება “გარემოებებმა აიძულა”.

“როგორც იცით, სასამართლო დავა ჩემსა და გიგა მაქარაშვილს შორის ჩემი გამარჯვებით დასრულდა. 12-მა ნაფიცმა მსაჯულმა გამამართლა. როცა სამსახურიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება მივიღე, არსებობდა გარკვეული გარემოებები, რამაც მაიძულა ეს გამეკეთებინა”, – განმარტავს მანველიშვილი.

შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო აქტვისტებმა გორის მერიასთან მერის კონსტანტინე თავზარაშვილის  წინააღმდეგ აქცია გამართეს. სამოქალაქო მოძრაობა “რუსეთი ოკუპანტიას“ წევრებმა ადმინისტრაციული შენობის კიბეზე ნაკელი და მარცვლეული (საკენკი) დაყარეს და გორის მერს კონსტანტინე თავზარაშვილის მის მიერ აგვისტოს ომთან დაკავშირებული განცხადების გამო საჯაროდ ბოდიშის მოხდა მოითხოვეს. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა, თეიმურაზ მანველიშვილმა კი, აქციის მონაწილე გიგა მაქარაშვილს ნაგვით სავსე ურნა თავზე დააყარა.

ამის შემდეგ, მანველიშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მე-3 პრიმა მუხლის მეორე ,,ბ” ნაწილით წაუყენეს. საბოლოოდ კი, ნაფიცმა მსაჯულებმა გიგა მაქარაშვილისთვის მორალური ზიანის მიყენების საქმეზე, თემურ მანველიშვილი უდანაშაულოდ ცნეს. ამ გადაწყვეტილების შემდეგ კი, თემურ მანველიშვილმა სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება მოისურვა.

მისი სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, მერიას ბიუჯეტიდან მინიმუმ 25 500 ლარის (ამ დროისთვის 15 თვის ხელფასი) გაღება მოუწევს (განაცდურის ხელფასის გასაცემად).

ჯერჯერობით, უცნობია, რას მოიმოქმედებს მერი, თუკი სასამართლომ მანველიშვილის სამსახურში დაბრუნება დაავალდებულა, მაშინ, როცა აღნიშნულ თანამდებობაზე საქმიანობას კონკურსის წესით შერჩეული კადრი უკვე ასრულებს.