გორის მუნიციპალიტეტში 82 მძღოლი, რომელიც სკოლის მოსწავლეებს და საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს ემსახურებოდა, შემოსავლის გარეშე დარჩა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
სახელმწიფოსგან კომპენსაციის მიღების ინსტრუქციის მიხედვით, დახმარების მისაღებად მძღოლებს, რომლებიც სკოლებს და ბაღებს ემსახურებოდნენ, ცნობა იმ კომპანიამ უნდა მისცეს, რომელსაც ეს მძღოლები წარმოადგენენ, ხოლო იმ შემთხვევაში თუ კი ისინი არ წარმოადგენენ კომპანიას, ცნობა მუნიციპალიტეტმა უნდა გასცეს.
გორის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის ელზა მიქელაძის განმარტებით, უწყება ტენდერით ყიდულობს მომსახურებას და შემდეგ გამარჯვებული კომპანია ქირაობს მძღოლებს.
“ამ შემთხვევაში, ცნობის გაცემის ვალდებულება დამქირავებელ კომპანიებს აქვთ.მე ვესაუბრე ხელმძღვანელებს, ისინი უკვე მზად არიან გასცენ ცნობები. არ აქვთ არანაირი პრობლემა. ისინიც და ჩვენც ველოდებით დეტალურ ინსტრუქციებს” , – განმარტავს მიქელაძე.
როგორც ცნობილია, გორის მუნიციპალიტეტში 54 მძღოლი სკოლებს, ხოლო 28 სკოლამდელ დაწესებულებებს ემსახურებოდა.