კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო საშუალებებით დედაქალაქის ქუჩების დამუშავება გრძელდება. თბილისის მერიის ცნობით, ამჯერად გზს, ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირზე მოირეცხა.
მათივე ინფორმაციით, სადეზინფექციო სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფი“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ერთობლივად, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ახორციელებენ.
„გზების მორეცხვის სამუშაოები დედაქალაქის მასშტაბით ინტენსიურად მიმდინარეობს. სადეზინფექციო სამუშაოები ამჯერად, ქეთევან დედოფლის გამზირზე ჩატარდა. მოირეცხა როგორც სავალი ნაწილი, ასევე ტროტუარები და ნაგავშემკრები კონტეინერები. სამუშაოები მომდევნო დღეების განმავლობაშიც გაგრძელდება“, – განაცხადა „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელმა რომეო მიქაუტაძემ.
თბილისის მერიის ცნობით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დედაქალაქის ქუჩები ეტაპობრივად მუშავდება. შესაბამისი სამუშაოები მთელი ქალაქის მასშტაბით, დაახლოებით, 70 ქუჩაზე ჩატარდება. სპეციალური ხსნარით ირეცხება, როგორც გზის სავალი ნაწილი, ასევე, ტროტუარები და ველობილიკები. ღონისძიებების ფარგლებში, დეზინფექცია ასევე, უტარდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებსა და ნაგავშემკრებ კონტეინერებს.