“ჩვენ აღარ დავუშვებთ გარევაჭრობას, ვისაც სად მოუნდებოდა, იქ რომ დგებოდა და ჰყიდდა თავის პროდუქტს”, – ეს განცხადება გორის მერმა რადიო “მოზაიკას” გადაცემაში “კომუნიკაცია დისტანციურად” განაცხადა.
გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი ავტოსადგურის ტერიტორიაზე მომუშავე მოვაჭრეებს, წმინდაწყლის და გეორგია 21 – ეს აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე გადანაწილებას და საქმიანობის გაგრძელებას სთავაზობს. როგორც თავზარაშვილი ამბობს, დახლები, რომლის დემონტაჟიც აპრილის შუა რიცხვებში მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მოხდა, ტერიტორიას აუშნოებდა.
“ავტოსადგურის ტერიტორია არის კერძო საკუთრება, ჩვენ ხელმძღვანელობას მივმართეთ, რომ გაესუფთავებინათ თავისი ტერიტორია. მოსახლეობამ კარგად ვერ გაიგო. ჩვენ უბრალოდ მითითება მივეცით, რომ დაეშალათ ეს უსახო შენობები, რომელიც ძალიან აუშნოებდა ტერიტორიას. ორი ბაზარია გახსნილი, ერთი წმინდაწყალზე და მეორე 21-ე. ჩვენ ამ ხალხს ვთავაზობთ, შევიდნენ ამ ტერიტორიაზე და უფრო კულტურულად ივაჭრონ“, – განაცხადა თავზარაშვილმა.
გორის მერმა ასევე აღნიშნა, რომ ქალაქის მასშტაბით, გარევაჭრობა აიკრძალება და ამას შესაბამისი სამსახურები გააკონტროლებენ.
“შეუძლებელია ქართლის და გურამიშვილის ქუჩაზე გადაადგილება, რაც მოსახლეობაში უკმაყოფილებას იწვევდა და ყოველთვის ჩვენ მოგვიწოდებდნენ, რომ როგორმე ეს გაგვეწმინდა და გაგვესუფთავებინა. ჩვენ აღარ დავუშვებთ გარე ვაჭრობას მოუწესრიგებლად, ვისაც სად მოუნდებოდა, იქ რომ დგებოდა და ჰყიდდა თავის პროდუქტს, ჩვენ ამას არ დავუშვებთ, რადგან ვალდებულნი ვართ, ხელი უნდა შევუწყოთ მოქალაქეების უსაფრთხოებას და კორონავრუსის არგავრცელებას“, – ამბობს კონსტანტინე თავზარაშვილი.
ინფორმაციისთვის, 16 აპრილს მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ავტოსადურის, გურამიშვილის და ქართლის ქუჩაზე მყოფი გარემოვაჭრეების დახლები დაშალა. თავზარაშვილის ინფორმაციით, ქალაქის მასშტაბით გარემოვაჭრეები აღარ დაიშვებიან.