როდის გეგმავს მთავრობა ანაკლიაზე ახალი ტენდერის გამოცხადებას? – მინისტრის პასუხი

668

ეკონოიკის მინისტრმა ნათია თურნავამ გადაცემა “Forbes-ის კვირის” ეთერში განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენებასთან დაკავშირებით ტენდერის მომზადებაზე მუშაობა შეჩერებულია და ის განახლდება მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობა აღდგება. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს. 

“ანაკლიის პორტი კვლავინდებურად არის ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტი. მას შემდეგ, რაც აღდგება ფრენები, აღდგება ეკონომიკური ატქივობა, ჩვენ კვლავინდებურად დავუბრუნდებით ანაკლიის ტენდერს. ჩვენ გვაქვს მყარი ვარაუდი, რომ ეს ტენდერი იქნება წარმატებული და რომ მოვიზიდავთ ინვესტორს. ამის პარალელურად განვითარდება ბათუმის ახალი პროექტი, ორი პროექტი რაც არის ფოთში დაგეგმილი და რომ ეს ინფრასტრუქტურა იქნება წარმატებული და ფინანსურად მდგრადი და მოემსახურება იმ გაზრდილ ნაკადებს, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ანაკლიაც აშენდება და ფოთიც აშენდება,”- განაცხადა ნათია თურნავამ.

ამასთან, მინისტრის თქმით, არ შეიძლება ერთმანეთთან სხვადასხვა საპორტო ინფრასტრუქტურის პროექტის “დაპირისპირება” მოხდეს და სახელმწიფოს პერსპექტივიდან ყველა ახალი პორტის არსებობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ეკონომიკურ ფაქტორს წარმოადგენს.

“ჩვენი ლოგისტიკური პოტენციალი იძლევა იმის საშუალებას, რომ საპორტო ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო მეტად განვითარდეს, ვიდრე ეს ვიღაცას წარმოუდგენია. ნამდვილად არ დაიყვანება ჩვენ მიერ ლოგისტიკური, სატრანსპორტო და შავიზღვისპირეთის საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება მხოლოდ ერთ ან ორ პროექტამდე, ეს არასწორი ხედვაა.

არასწორია დაპირისპირება პორტებისა ანაკლია ან ფოთი. ასევე, არასწორია დაპირისპირება, მაგალითად, ფოთის ახალ პორტთან, რომელსაც APM-ი აშენებს და იმ პროექტს შორის, რომელსაც ფოთში აშენებს PACE ჯგუფი. ასევე, არასწორია დაპირისპირება ბათუმი ან ფოთი.

როდესაც ორი კონკურენტი ინვესტორი გარკვეულწილად, ბუნებრივ დაპირისპირებაშია შეიძლება მათ სხვადასხვა არგუმენტები მოიყვანონ, მაგრამ ამგვარი არგუმენტები საერთო ხედვიდან გამომდინარე, არ არის სწორი. საერთო ხედვიდან გამომდინარე, საქართველოს უნდა ჰქონდეს იმდენი პორტი, რამდენ პორტსაც ჩვენი სატრანსპორტო დერეფანი აიტანს,” – განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან (ADC) დადებული შეთანხმება საქართველოს მთავრობამ ცალმხრივად, 2020 წლის იანვარში მოშალა, რის საპასუხოდაც კონსორციუმი საარბიტრაჟო დავის წარმოებას გეგმავს. ADC ამ გადაწყვეტილებას უკანონოდ აფასებს და სახელმწიფოს უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტის განვითარების ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებს.

თავის მხრივ, ფოთის პორტის ოპერატორმა APM Terminals-მაც განაახლა მისი საინვესტიციო პროექტი და არსებული მდგომარეობით, ფოთში $200-მილიონზე დიდი ინვესტიციით, ახალი ნავმისადგომის მშენებლობას გეგმავს.