მთაწმინიდის ფერდობზე მწვანე საფარის აღდგენა და განაშენიანება იგეგმება, რაც ეტაპობრივად, 4 წლის განმავლობაში მოხდება. პროექტს მთლიანად ფონდი „ქართუ“ აფინანსებს და მისი ღირებულება 16 მილიონი ლარია, შესაბამისი მემორანდუმი დედაქალაქის მერიამ ფონდთან უკვე გააფორმა. ამის შესახებ სიუჟეტი ტელეკომპანია იმედმა მოამზადა.
მასშტაბური გეგმა 700-მდე ჰექტარი ტერიტორიის გამწვანებას და მთაწმინდის ფერდის ლანდშაფტის 4 სეზონად გადაქცევასაც გულისხმობს. ეს არის ტერიტორია მთაწმინდის ფერდობიდან „კუს ტბის“ ფერდობამდე.
დაგეგმიილია სივრცითი ეკონომიკური და ტურისტულ-სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის მოწყობაც.
ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით, თბილისის მერიასთან თანამშრომლობის ფარგლებში, მთაწმინდის ფერდობებზე არსებული დაზიანებული ნარგავების აღდგენის სამუშაოები იწყება.
პროექტი, რომლის პრეზენტაციაც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ფონდი „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანთან და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად გამართა, მთაწმინდის ფერდის ტყის ლანდშაფტის აღდგენა-რეაბილიტაციასა და ტურისტულად მიმზიდველი გარემოს შექმნას ითვალისწინებს. როგორც კალაძემ აღნიშნა, პროექტის განხორციელების მთავარი მიზანი არსებული ფერდის ლანდშაფტის ოთხ სეზონად გადაქცევაა, რაც მარადმწვანე და ფოთლოვანი ხეების, ასევე, ბუჩქოვანი და ბალახოვანი საფარის განაშენიანება-რეაბილიტაციას გულისხმობს.