ბათუმის 13 საჯარო სკოლას მზის ელექტროსადგურები დაუმონტაჟდება

833

აჭარაში, ბათუმის 13 საჯარო სკოლას მზის ელექტროსადგურები დაუმონტაჟდება. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, “საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისა” და ლიტვური კომპანია შპს ,,Via Solis”-ის პარტნიორობით შემუშავებულმა პროექტმა ლიეტუვის გარემოს დაცვის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს მიერ გამოყოფილი გრანტი მოიპოვა.

მზის ელექტროსისტემების ჯამური დადგმული სიმძლავრე 327.7 კვტ-ს შეადგენს. პროექტის ჯამური ღირებულება, დღგ-ის გარეშე, 502 667 ევროა და მისი 20% თანადამფინანსებელი “საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდია”.

“მზის მიკრო ელექტროსადგურების პროექტი სრულად შეესაბამება გაეროს დღის წესრიგის მე-13 მიზანს, რაც ითვალისწინებს კლიმატის ცვლილებისა და მისი ზეგავლების წინააღმდეგ გადაუდებელი ზომების გატარებას. პროექტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებს, პერსონალს და ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება მიეცემათ მეტად შეიცნონ განახლებადი ენერგიის რესურსების სპეციფიკა და შეაფასონ მისი პირდაპირი დადებითი ეფექტები. მზის ელექტროსადგურების პროექტის განხორციელებით სკოლებს მნიშვნელოვნად შეუმცირდებათ ელექტროენერგიის გადასახადი”, – აცხადებენ უწყებაში.