გარწმუნებთ, რომ თბილისი აუცილებლად იქნება სიცოცხლით, სილამაზითა და სიმწვანით სავსე ქალაქი, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთაწმინის ფერდობის ლანდშაფტის აღდგენითი სამუშაოების შესახებ პროექტის პრეზენტაციისას განაცხადა. მისივე თქმით, ქალაქში დაგეგმილია სკვერებისა და პარკების რეაბილიტაცია.
„ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა, რომელზეც ვსაუბრობთ, ეს არის არსებული ეკოლოგიური სიტუაცია. შესაბამისად, დაგეგმილი გვაქვს მთელი რიგი ღონისძიებები. ეს არის არსებული სკვერების, პარკების რეაბილიტაცია, ახალი საქალაქო პარკების მშენებლობა და ამ მიმართულებით უკვე ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა“, – განაცხადა კალაძემ.
კახა კალაძის განმარტებით, 2020 წელს მერიის მიერ „მწვანე პოლიტიკის“ მიმართულებით არაერთი პროექტია დაგეგმილი, რომელსაც ეტაპობრივად მიაწვდიან საზოგადოებას.
„თბილისს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, იყოს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მწვანე ქალაქი და გარწმუნებთ, რომ თბილისი აუცილებლად იქნება სიცოცხლით, სილამაზითა და სიმწვანით სავსე ქალაქი“ – განაცხადა კალაძემ.