მუნიციპალიტეტების მერი გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად ვეღარ მიიღებს – დაგეგმილია მუნიციპალიტეტებში მმართველი საბჭოების შექმნა, რომელიც იმ აღმასრულებელი ფუნქციებით აღიჭურვება, რასაც მერი ერთპიროვნულად ახორციელებს.
ამასთან დაკავშირებით პარლამენტში ინიცირებულია “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” ცვლილებების პროექტი, რომელიც პარლამენტს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგოლ ლილუაშვილმა და კომიტეტის წევრმა პაატა მხეიძემ წარუდგინეს.
პროექტის მიხედვით, მუნიციპალიტეტის მმართველი საბჭოს მთავარი მიზანი საკრებულოს გადაწყვეტილებათა აღსრულება და გადაწყვეტილებების მიღებისას პასუხისმგებლობის გადანაწილება იქნება. მმართველი საბჭოს შემადგენლობაში შევლენ: მერი, მისი პირველი მოადგილე და მოადგილეები და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები.
“ასეთი მოდელი თბილისში არსებობს. თბილისის ექსპერიმენტული, სატესტო მოდელი სხვა მუნიციპალიტეტბში გადადის. თბილისი წლებია ამ მოდელით მუშაობს, მან გაამართლა და გვინდა, სხვა მუნიციპალიტეტებში გადავიტანოთ. დღეს მუნიციპალიტეტებში არსებობს გამგებელი, მისი მოადგილეები და გადაწყვეტილებას ყველა საკითხთან დაკავშირებით ერთპიროვნულად გამგებელი იღებს. გადაწყვეტილების მიღების პროცესი ცნობილი უნდა იყოს აღნიშნული საბჭოსთვის, რათა არგუმენტირებული მსჯელობა შედგეს. გამგებელს თუ მერს შეეძლება საბჭოზე მიღებულ გადაწყვეტილებას, თუკი მას არ ეთანხმება, ვეტო დაადოს. ასე რომ, პასუხისმგებლობის ნაწილი, ისევ მერს რჩება, თუმცა, საჯაროობისთვის, გამჭვირვალობისთვის საკითხების მმართველ საბჭოებზე გატანა მოხდება”, – განუცხადა “ინტერპრესნიუსს” გრიგოლ ლილუაშვილმა.
პროექტის თანახმად, მმართველი საბჭოს უფლებამოსილებად განისაზღვრება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა და ბიუჯეტში შესატანი ცვლილების პროექტების შეიმუშავება; დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულების უზრუნველყოფა; ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღების, ცვლილებისა და გაუქმების შესახებ დადგენილებების პროექტების საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენა; მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება; საკრებულოს თანხმობით შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება; უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გაცემის საკითხის გადაწყვეტა საკრებულოს თანხმობით; მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში შესაბამისი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და სხვა პროგრამების, სტრატეგიებისა და გეგმების მომზადება, საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენა და განხორციელება; მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების შემუშავება და საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენა და ა.შ.
წყარო: ინტერპრესნიუსი