კალაძემ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩართულ კომპანიებს მადლობა გადაუხადა

548

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩართული კომპანიების წარმომადგენლებს და ყველა შესაბამის სამსახურს მადლობა გადაუხადა. როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მსოფლიო პანდემიის პირობებში, მერიის შესაბამისი სამსახურები 24 საათის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას.

მისივე თქმით, დედაქალაქში ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკის, ასევე, ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. რეკრეაციული სივრცეების მოწყობა მომავალშიც გაგრძელდება.

“მიუხედავად იმ რთული მდგომარეობისა, რომელშიც ჩვენი ქვეყანა და მთელი მსოფლიო იმყოფება, დედაქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ არა იმ ტემპით და მასშტაბით, როგორც ეს წლის დასაწყისში ხორციელდებოდა. ხაზი მინდა გავუსვა იმ მნიშვნელოვან სამუშაოებს, რომელიც დაცარიელებულ, მაგრამ ლამაზ თბილისში ამ გაზაფხულზე თვალნათლივ გამოჩნდა. ეს არის 2 წლის წინ დაწყებული სამუშაოები, მხედველობაში მაქვს გამწვანების სამუშაოები. ეს არის იმ ადამიანების დამსახურება, რომლებიც „ეკოსერვის ჯგუფში“ მუშაობენ და მინდა მათ მადლობა გადავუხადო ამისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვამბობთ, რომ ამით გამწვანებითი სამუშაოები დამთავრებულია, პირიქით, უფრო მეტია გასაკეთებელი. ჩვენი პროექტებიც მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ განსაკუთრებულად დიდ ყურადღებას ვუთმობთ გამწვანებით სამუშაოებს, რეკრეაციული სივრცეების მოწყობას, არსებულების რეაბილიტაციას. იცით, რომ ორი პარკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს – კიკვიძის პარკი ფაქტიურად დამთავრებულია და ულამაზესი სივრცე გამოვიდა და ასევე „მზიურის“ პარკი, რომელსაც ინფრატრუქტურის სამინისტროსთან ერთად ვახორციელებთ, ძალიან მაგარი სივრცეა ქალაქის ცენტრში, თუმცა ჩვენ ამაზე არ გავჩერდებით და კიდევ ბევრი პროექტი იქნება განხორციელებული მომდევნო თვეების და წლების განმავლობაში“, – განაცხადა კალაძემ.