სათამაშო ბიზნესიდან გორის მუნიციპალიტეტმა მიმდინარე წელს სარგებელი ვერ მიიღო. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
გამოცემის ცნობით, მუნიციპალიტეტის 1-ლი კვარტლის შესრულების მიხედვით, ამ პერიოდში მოსაკრებლის სახით, ბიუჯეტში 60 ათასი ლარის, წლის განმავლობაში კი 250 ათასი ლარის შემოსავალს ელოდებოდნენ, თუმცა გასული 4 თვის განმავლობაში ბიუჯეტში ამ თანხის 0% ია დაფიქსირებული.
გასულ წელს მუნიციპალიტეტმა სათამაშო ბიზნესიდან შემოსავალი 292 200 ლარი მიიღო, რაც 2019 წლის გეგმას 28%-ით გადააჭარბა და მიღებულმა სარგებელმა დამატებით 65 200 ლარი შეადგინა.
ბოლო წლებში სათამაშო ბიზნესიდან გორის მუნიციპალიტეტის შემოსავალი ყოველ წელს მცირდება.
თუ 2016 წელს აღნიშნული ბიზნესიდან გორის მუნიციპალიტეტმა 676 000 ლარი მიიღო, 2017 წლისთვის თანხა 574 000 ლარამდე შემცირდა. 2018 წლისთვის კი, სათამაშო ბიზნესიდან მიღებული შემოსავალი 350 ათასი ლარით განისაზღვრა.