პარლამენტმა თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

1343

საქართველოს პარლამენტმა თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსებზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა და ვეტო დაძლია.

საკანონმდებლო ორგანოს წევრებს მოტივირებული შენიშვნები პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ გააცნო. პარლამენტის სხდომის მიმდინარეობისას დოლიძე და ირაკლი კობახიძე ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ.

როგორც ცნობილია, გიორგი მარგველაშვილმა თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსებში შესატან ცვლილებებს ვეტო 20 ივლისს დაადო.

პრეზიდენტის აზრით, როდესაც 7 ქალაქს ერთმევა თვითმმართველი ქალაქის სტატუსი, ეს აკნინებს თვითმმართველობის გაღრმავებასა და გაძლიერებას ქვეყანაში.

რაც შეეხება საარჩევნო კოდექსს, პრეზიდენტმა ვეტო ცესკოს დაკომპლექტების წესის გამო დაადო. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება თვითმმართველობის არჩევნების ხარისხს აკნინებს და ამცირებს პლურალიზმს და ნდობას საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ.

პრეზიდენტს ვეტოს გამოყენებისკენ არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პოლიტიკური პარტიები მოუწოდებდნენ.

გუშინ 50-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ პარლამენტის წევრებს მოუწოდა, გაიზიარონ პრეზიდენტის ვეტო და უარი თქვან  ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის დამაზარალებელ გადაწყვეტილებაზე.

ამავე მოთხოვნით, დღეს პარლამენტს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრმა 51-მა ორგანიზაციამ მიმართა.