პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვისას, მაშინ, როდესაც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე შემაჯამებელი სიტყვით გამოდიოდა, პარლამენტის თავმჯდომარემ მას სიტყვა გააწყვეტინა და მოუწოდა, რომ დოლიძეს პოლიტიკური განცხადებები არ გაეკეთებინა, ვინაიდან ის არის საჯარო მოსამსახურე და არ აქვს პოლიტიკური განცხადებების გაკეთების უფლება.
კობახიძის გაღიზიანება გამოიწვია დოლიძის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლის შეფასებას. “პოლიტიკური პასუხები პრეზიდენტის პრეროგატივაა, თქვენ არ ხართ პოლიტიკური თანამდებობის პირი”, – უთხრა კობახიძემ დოლიძეს.
ამის საპასუხოდ, ანა დოლიძემ განაცხადა, რომ მმართველი პარტიის მიერ განხორციელებული საჯარო სამსახურის რეფორმის შედეგად, ის, როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, წარმოადგენს პოლიტიკური თანამდებობის პირს, რასაც კობახიძემ ტყუილი უწოდა და დოლიძეს უთხრა, რომ საკითხის განხილვას შეწყვეტდა, თუ შინაარსობრივ საკითხზე საუბარს არ დაუბრუნდებოდა.