იაპონიის საელჩომ გორის სტრატეგიული განვითარების სააგენტოს სარწყავი წყლის არხების გასაყვანად და გასაწმენდად მძიმე ტექნიკა გადასცა. წყალმომარაგების პრობლემა მუნიციპალიტეტში, განსაკუთრებით, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში, მას შემდეგ უფრო მძიმედ დადგა, რაც სალთვისი-ტირიფონის სარწყავი არხის სათავე ნაგებობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა და გორის სოფლებისთვის წყალი გადაკეტეს.
მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტში ახალი ჭაბურღილებიც მოეწყო, ის საკმარისი არ არის და მოსახლეობას წყალი კვლავ გრაფიკით მიეწოდება. სარწყავ და სასმელ წყალზე ხელმისაწვდომობას ისიც აფერხებს, რომ დაზიანებულია შესაბამისი არხები; ასევე, საჭიროა ახალი არხების გაყვანა და სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებამდე მისასვლელი გზების გაწმენდა.
ამ გამოწვევების გათვალისწინებით, იაპონიის საელჩომ, ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტს შესაბამისი ტექნიკა გადასცა, რითაც შესაძლებელია როგორც ძველი არხების რეაბილიტაცია, ისე ახალი არხების გაჭრა და გზების გაყვანა სასოფლო-სამეურნეო სავარგულებამდე. წინასწარი გათვლებით, მისი საშუალებით წელიწადში 8-10 კილომეტრი სარწყავ-სასმელი არხების მოწესრიგება და დამატებით, რამდენიმეკილომეტრიანი გზის გაყვანა იქნება შესაძლებელი.
პროგრამას – მწვანე და ადამიანზე მორგებული ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა საქართველოში, რომლის ფარგლებშიც ბარეთის სამაცივრე მეურნეობის დაფინანსება მოხდა, იაპონიის საელჩო 1998 წლიდან ახორციელებს. 20 წლის განმავლობაში საელჩომ 18 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 180-მდე პროექტი დააფინანსა, მათ შორისაა ისეთი საჭირო პროექტები, როგორიცაა სკოლების, საბავშვო ბაღების, სამედიცინო დაწესებულებებისა და სოციალური სახლების მშენებლობა, რეაბილიტაცია და აღჭურვა, სარწყავი და სასმელი წყლის სისტემების მოწყობა, ნარჩენების მართვის ტექნიკის შეძენა და სხვა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი.