EMC მთავრობას მოწყვლადი ჯგუფების შიმშილისგან დაცვისკენ მოუწოდებს

605

ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას აფასებს.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც საქართველოს მთავრობამ 24 აპრილს წარადგინა, სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფისთვის სოციალური დახმარების პაკეტებს მოიცავს, თუმცა, რამდენიმე მოწყვლადი ჯგუფი მათ მიღმა რჩება. მათ შორის არიან უსახლკაროები, არაფორმალურ სექტორში დასაქმებულები, თვითდასაქმებულთა ის ნაწილი, რომელიც დახმარების მისაღებ კრიტერიუმებს ვერ დააკმაყოფილებს, ფულადი გზავნილების შემცირებით დაზარალებული ადამიანები და სხვა.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ მასშტაბური ეკონომიკური კრიზისის ფონზე, შესაძლებელია აუცილებელი გახდეს მათი საკვებით უზრუნველყოფა და საქართველოს მთავრობა შესაბამისი ზომების მისაღებად მზად უნდა იყოს.

როგორც განცხადებაში წერია, საგანგებო მდგომარეობის ფონზე, განსაკუთრებით მწვავედ დგას სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების წინაშე არსებული პრობლემები. მათი უმეტესობა არასაკმარისად განვითარებულ სოციალურ სერვისებზეა დამოკიდებული და ეპიდემიით შექმნილი დამატებითი გამოწვევების გამო, კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას საჭიროებს. განსაკუთრებულ პრობლემას მოწყვლადი ჯგუფების საკვებით უზრუნველყოფა წარმოადგენს. საგანგებო მდგომარეობით დადგენილი შეზღუდვების გამო, ცალკეულ მუნიციპალიტეტებში მოქმედი უფასო სასადილოები დაიხურა. ამის საპასუხოდ მუნიციპალიტეტების ნაწილმა სხვადასხვა სახის ზომები მიიღო. მაგალითად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტმა შეცვალა მუნიციპალური სასადილოს სერვისი და გაითვალისწინა გარკვეული ჯგუფებისთვის საკვების სახლში მიტანის საჭიროება.

თუმცა, მუნიციპალური სასადილოების პროგრამა ქვეყნის მასშტაბით ყველგან არ არის და შემქნილ ვითარებაში არც მისი ჩამნაცვლებელი სერვისები დანერგილა.[1] გარდა ამისა, იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც სასადილოს სერვისი არსებობს, მხოლოდ მოსახლეობის ნაწილის საჭიროებები იფარება.

“სათანადო საკვებით უზრუნველყოფის სფეროში ერთიანი, სისტემური და ეფექტიანი სახელმწიფო პოლიტიკის არარსებობის გათვალისწინებით, ბუნდოვანია ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ხედვა, თუ როგორ გადაჭრის დღეს ამ მიმართულებით შექმნილ კრიზისს. ამგვარი პოლიტიკის არარსებობის, ისევე, როგორც სახელმწიფოს მიერ მოსახლეობის მოწყვლადობის შესახებ სისტემატიზებული, დეტალური და მუდმივ რეჟიმში განახლებადი ინფორმაციის არქონის, ცალკეული მუნიციპალიტეტების მიერ არასაკმარისი ზომების მიღების პარალელურად, შიმშილის პირას დარჩენილი ჯგუფები ფიზიკური განადგურების რისკის ქვეშ დგანან და ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების ქველმოქმედების ამარად არიან დარჩენილები.

ამასთან, ეპიდემიით გაღრმავებული სოციალური კრიზისის პირობებში, სათანადო საკვებით უზრუნველყოფის სფეროში არსებული სისტემური პრობლემები, რომელზეც საქართველოს სახალხო დამცველმაც არაერთხელ გაამახვილა ყურადღება თავის საპარლამენტო ანგარიშებში,[2] დღის წესრიგში კიდევ უფრო მწვავედ დგება. არსებული გამოწვევებიდან აღსანიშნავია მუნიციპალიტეტების მიერ უფასო საკვების სერვისის მიწოდების ფარგლებში ე.წ. კვოტების გამოყოფის პრაქტიკა, რომელიც, ცალკეულ შემთხვევებში, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები, საარსებო შემწეობის მიმღები პირების რაოდენობასთან შედარებით მკვეთრად ნაკლებია. ამასთან, სერვისის მიწოდება ხდება რეგისტრაციის რიგითობით და არა ბენეფიციარების საჭიროებიდან გამომდინარე,[3] რაც ქმნის იმის საფრთხეს, რომ ყველაზე მეტი საჭიროების მქონე პირები სერვისის მოქმედების გარეთ აღმოჩნდნენ.

ამავდროულად, ისინიც კი, ვისაც არსებული სოციალური დაცვის სისტემა ფარავს, მისი გაუმართაობისა და ეპიდემიის პირობებში გაზრდილი ინფლაციის, რისკებისა და საჭიროებების გამო, საკვებით უზრუნველყოფილად ვერ ჩაითვლებიან და შესაძლოა ანტიკრიზისული გეგმის ფარგლგებში შემუშავებული დამატებითი დახმარების პაკეტებში მათი მიზნობრივ ჯგუფად ჩართვა აუცილებელი გახდეს. კრიზისულ ვითარებაში, სოციალური შემწეობის მიმღებთა მდგომარეობის მკვეთრად გაუარესების შემთხვევაში სახელმწიფო მათი საკვებით უზრუნველყოფისთვისაც მზად უნდა იყოს,”- წერია განცხადებაში.

EMC მიიჩნევს, რომ მოცემულ ეტაპზე, უმწვავესი სოციალური კრიზისის დროს, სახელმწიფოს ხედვის არეალის გარეთ დარჩენილი პირები უმძიმეს მდგომარეობაში არიან და ხელისუფლების მიერ დაუყოვნებელი, ეფექტიანი ზომების მიღებას საჭიროებენ.

“საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი ანტიკრიზისული გეგმა მთლიანად ბენეფიციართათვის ფინანსური დახმარების გამოყოფას ეფუძნება. ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინებით, შესაძლებელია საჭირო გახდეს პირდაპირი ფულადი დახმარების გარდა ისეთი ზომების შემუშავებაც, რომლებიც ბენეფიციარებს უშუალოდ საკვებს, ან კონკრეტულად საკვებისთვის განკუთვნილ ვაუჩერებს მიაწოდებს.  ვაუჩერების შემუშავებას ითვალისწინებს ევროკომისიის ანტიკრიზისული გეგმა, რომელშიც ნათქვამია, რომ არსებულ ვითარებაში ვაუჩერების დარიგებას და, რისკების შესამცირებლად, მათ ელექტრონულ ხელმისაწვდომობას საკვების ფიზიკურად მიწოდებასთან დაკავშირებული რისკების შემცირება შეუძლიათ.

საკვებით უზრუნველყოფისკენ მიმართულ სამივე ძირითად სტრატეგიას – ფინანსური დახმარება, ვაუჩერიზაცია, უშუალოდ საკვების მიწოდება – შესაბამისი შესაძლებლობები და სირთულეები ახლავს თან. მაგალითად, ფინანსური დახმარების გამოყენება რეკომენდირებულია მაშინ, როცა ადგილობრივი მომარაგების ქსელებში საკმარისი საკვები არსებობს და მათი ფასი მეტ-ნაკლებად სტაბილურია. ვაუჩერებს ხშირად იყენებენ მაშინ, როცა ფულის გაცემა რთული ან სარისკოა, უშუალოდ საკვებით უზრუნველყოფა კი ერთადერთი გამოსავალია მაშინ, როცა მომარაგების ჯაჭვები არ ფუნქციონირებს ან მათში საკმარისი საკვები არ ბრუნავს.

იმ მოწყვლადი ჯგუფების მხარდასაჭერად, რომლებიც ანტიკრიზისული სოციალური დახმარების პაკეტების მიღმა რჩებიან, საქართველოს მთავრობამ უნდა შეიმუშავოს საკვებით უზრუნველყოფის ანტიკრიზისული სტრატეგია. ამ სტრატეგიის შემუშავებისას მან უნდა იხელმძღვანელოს დაგროვებული აკადემიური ცოდნით, რომელიც სხვადასხვა მიდგომების სუსტ და ძლიერ მხარეებს აფასებს და გაითვალისწინოს ადგილობრივი სოციო-ეკონომიკური მდგომარეობა. ხაზგასასმელია, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონისთვის შესაძლოა სხვადასხვა პროგრამის შემუშავება გახდეს საჭირო. ამასთან, მნიშვნელოვანია ისიც, რომ სამივე მიდგომას განსხვავებული გრძელვადიანი ეფექტი აქვს და ისინი ქვეყნის ზოგადი ეკონომიკური და პოლიტიკური სტრატეგიის ფონზე უნდა შეფასდეს – შესაბამისი გეგმის პირობებში, საკვებით უზრუნველყოფისკენ მიმართული ზომები შესაძლებელია ადგილობრივი სოფლის მეურნეობის მხარდაჭერისა და განვითარებისკენაც მიიმართოს,”- წერია განცხადებაში.

ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან და სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების წინაშე არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე ორგანიზაცია საქართველოს მთავრობასა და მუნიციპალიტეტებს მიმართავს:

  • დაუყოვნებლივ, პროაქტიულად მოახდინონ სოციალურად მოწყვლადი პირების იდენტიფიცირება და სულ მცირე, საგანგებო მდგომარეობის მიმდინარეობისას, უზრუნველყონ ისინი სათანადო საკვებით. ამ მიზნით, მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, მოხდეს მუნიციპალური ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფა, და, მეორე მხრივ, ცენტრალური ხელისუფლების მიერ მუნიციპალიტეტების აქტიური მხარდაჭერა;
  • საკვებით უზრუნველყოფის პროგრამის შემუშავებისას საქართველოს მთავრობამ იხელმძღვანელოს ადგილობრივი კონტექსტით და ამავდროულად გაითვალისწინოს საერთაშორისო გამოცდილება, მათ შორის საკვების ვაუჩერების გაცემასთან და მოწყვლადი ჯგუფების უშუალოდ საკვებით მომარაგებასთან დაკავშირებული პოლიტიკა.
  • ცენტრალურმა ხელისუფლებამ შეიმუშავოს სოციალურად მოწყვლადი მოსახლეობის საკვებით უზრუნველყოფის ერთიანი, სისტემური პოლიტიკა, რომელიც, თავის თავში მოიცავს მათი პროაქტიური იდენტიფიცირებისა და მათთვის განგრძობადი მხარდაჭერის აღმოჩენის კომპონენტებს და გამორიცხავს მუნიციპალიტეტებში ფრაგმენტული და არაერთგვაროვანი მიდგომების არსებობას.