ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ საკრებულოს 2019 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში წარუდგინა. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, მერმა ერთი წლის განმავლობაში განხორციელებულ საქმიანობაზე დეტალურად ისაუბრა. განიხილა შესრულებული პროექტები და პროგრამები, ასევე ის შედეგები და წარმატებები, რომლებიც გასულ წელს იქნა მიღწეული.
„2019 წლის ბიუჯეტი იყო ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე ამბიციური და ძლიერი როგორც რაოდენობრივად, ასევე მისი შესრულების თვალსაზრისით. საბიუჯეტო წელი დავასრულეთ 182 მილიონ ლარზე მეტით, რომლის შესრულება 95%-ს შეადგენდა.
გადაჭარბებით შესრულდა შემოსავლითი ნაწილი, რომელიც დაგეგმილი იყო 173 მლნ-ზე და 177 მლნ ლარით შევასრულეთ.
მოგვეცა საშუალება განგვეხორციელებინა ბევრი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი. ბიუჯეტის 62% დაიხარჯა სწორედ ინფრასტრუქტურულ და კაპიტალურ პროექტებზე.
ბიუჯეტის 10% განათლების, კულტურის, სპორტის, ხოლო 10% ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მიმართულებით დაიხარჯა.
ვფიქრობ, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წელი მუნიციპალიტეტისათვის. ძალიან ბევრ გეგმას 2020 წლისთვის უკვე ჩაეყარა საფუძველი და დავიწყეთ ბევრი გარდამავალი პროექტის განხორციელება.
დღეს ვართ იმ რეჟიმში, როცა გარკვეული კორექტირება შეიტანა ვირუსმა და პანდემიამ არა მარტო ჩვენი ქალაქის ცხოვრებაში, არამედ მთელ მსოფლიოში. თუმცა, გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ დავუბრუნდეთ განვითარების ჩვეულ რიტმს”, – განაცხადა ლაშა კომახიძემ.