სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის განხორციელებას აგრძელებს. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, განხორციელებული ცვლილებებით, პროგრამა სამწლიანი გახდა, შესაბამისად მრავალწლიანი კულტურების დაზღვევის შემთხვევაში, ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ, დააზღვიონ საკუთარი მოსავალი სამი კალენდარული წლის განმავლობაში. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, ყველა კულტურაზე, გარდა ვაზისა, სახელმწიფოს მხრიდან თანამონაწილეობა კვლავ 70 პროცენტით, ხოლო ვაზზე 50 პროცენტით განისაზღვრა. სადაზღვევო პოლისი ფარავს შემდეგ სადაზღვევო რისკებს: სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა.
სააგენტო განმარტავს, რომ დაზღვევას დაექვემდებარება მხოლოდ ისეთ მიწის ნაკვეთზე მოყვანილი მოსავალი, რომელიც დარეგისტრირებულია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.
ბენეფიციარი, რომელსაც სურს, მიიღოს პროექტში მონაწილეობა ასევე ვალდებულია, დარეგისტრირდეს ფერმერთა რეესტრში.
აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ყველა ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია არაუმეტეს 5 ჰა (ხორბლის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში, არაუმეტეს, 30 ჰა) ფართობის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შემთხვევაში, სააგენტოს მიერ ერთ დამზღვევზე/მოსარგებლეზე გადასახდელი პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 50 000 ლარს.
მოცდის პერიოდი სადაზღვევო პოლისის გაცემის თარიღიდან 4 დღის ვადითაა განსაზღვრული.
ასევე, აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართვა შეეძლება საქართველოს ტერიტორიაზე ლიცენზირებულ ყველა სადაზღვევო კომპანიას.
„2014 წლამდე არ არსებობდა მექანიზმი, რომლითაც ფერმერებს შეეძლოთ კლიმატური რისკებისგან დაეცვათ საკუთარი მოსავალი. აგროდაზღვევის პროგრამით, დაზღვევა იმ ფერმერებისთვის გახდა ხელმისაწვდომი, ვისაც მცირე მეურნეობა აქვთ და ყველაზე მეტად სჭირდება სახელმწიფო თანადგომა. 2014 წლიდან დღემდე, ექვსი წლის განმავლობაში, ფერმერებისთვის ანაზღაურებულმა ზარალმა 38,252,017 ლარი შეადგინა“, – ნათქვამია სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.