ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) სტუდენტების პირველი ნაკადის მისაღებად აქტიურად ემზადება.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციით, უკვე აშენდა KIU-ს კამპუსის დიდი ნაწილი, რომელიც მოიცავს: სასწავლო კორპუსებს, სრულად აღჭურვილ, კეთილმოწყობილ სტუდენტურ საცხოვრისებს, კაფეტერიას, ბიბლიოთეკას, ლაბორატორიებს და დასასვენებელ, გასართობ და სამუშაო სივრცეებს.
„თავისი მასშტაბურობით KIU ერთ-ერთი უდიდესი და გამორჩეული სასწავლო ქალაქი იქნება რეგიონში, რომლის ანალოგიც აქამდე არ ჰქონია არც საქართველოს და არც სამხრეთ კავკასიას. KIU პირველ ეტაპზე სტუდენტებს მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერებისა და მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამებზე მიიღებს, ხოლო მომდევნო წლებში პროგრამების ჩამონათვალი ეტაპობრივად გაიზრდება. უნივერსიტეტში ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე მოხდება და მომავალ სტუდენტებს, რომლებსაც სურთ სწავლა ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ უნივერსიტეტში გააგრძელონ, NAEC-ის საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში უნდა მიუთითონ უნივერსიტეტის კოდი – 197. ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 30 აპრილს სრულდება.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პარტნიორია მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი და პროგრამებიც სწორედ TUM-თან თანამშრომლობით შეიქმნა. სასწავლო პროცესს, რომელიც სრულად ადაპტირებულია, როგორც დისტანციური/ელექტრონული ისე, აუდიტორული სწავლებისთვის, ქართველ პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად, უცხოელი პროფესორებიც გაუძღვებიან. წარჩინებული სტუდენტებისთვის კი გათვალისწინებულია გრანტები, სასტიპენდიო და გაცვლითი პროგრამები. ასევე, უნივერსიტეტმა უკვე შექმნა სტუდენტური გრანტების ფონდი, რომელიც სწორედ სხვადასხვა ტიპის დაფინანსებაზე იქნება ორიენტირებული და საშუალებას მისცემს სტუდენტებს საგრანტო პროგრამებით ისარგებლონ.
მომავალ სტუდენტებს KIU-ს კამპუსში ყველა პირობა ექნებათ, მიიღონ ევროპული განათლება, ჰქონდეთ აქტიური და საინტერესო სტუდენტური ცხოვრება, ისწავლონ რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ უნივერსიტეტში და რაც მთავარია, ჩამოყალიბდნენ პროფესიონალებად,“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
უნივერსიტეტის რექტორის ალექსანდრე თევზაძის თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში საქართველოს მოქალაქეებისათვის სწავლის გადასახადი წელიწადში 2 250 ლარს შეადგენს.
„ეს არის თანხა, რომელსაც ფარავს 100 პროცენტიანი სახელმწიფო სასწავლო გრანტი, რომლის მოპოვებაც შესაძლებელია ერთიანი ეროვნულ გამოცდების შედეგების საფუძველზე. KIU-ს გრანტების ფონდის მიზანია სტუდენტებს დავუფაროთ სწავლის გადასახადი, სტუდენტური საცხოვრებლის საფასური, საუნივერსიტეტო სტიპენდია და უზრუნველვყოთ საკვებისა და სხვა ხარჯების დაფარვაც. გრანტების პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა მოცულობით დაფინანსდებიან წარმატებული სტუდენტები, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით მოხვდებიან საუკეთესო 100, 200 და 300 აბიტურიენტთა სიაში, საშუალო განათლების ოქროს და ვერცხლის მედალოსნები, მათემატიკის, პროგრამირებისა და საბუნებისმეტყველო საგნებში ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებში გამარჯვებული, მათემატიკური კონკურსის „Mვექტორი“ და ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულები. საუნივერსიტეტო დაფინანსება ბაკალავრიატის საფეხურზე განსაზღვრულია სწავლის 4 წლის განმავლობაში, რომლის შესანარჩუნებლადაც სტუდენტებმა უნდა აჩვენონ მაღალი აკადემიური მოსწრება. იმედი გვაქვს, საუნივერსიტეტო დაფინანსება ჩვენს სტუდენტებს შეუქმნის იდეალურ პირობებს, რათა მიიღონ უმაღლესი ხარისხის განათლება მათთვის საინტერესო პროგრამის ფარგლებში და იყვნენ წარმატებულნი“, – აღნიშნავს უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე.