აპრილის კომუნალურ შეღავათებზე უარის ბოლო ვადა 11 მაისია

777

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) შეახსენებს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სურვილი აქვთ, სოლიდარობის ნიშნად არ ისარგებლონ ხელისუფლების მიერ დაწესებული კომუნალური შეღავათებით, აპრილისა და მაისის სუბსიდიაზე უარის დაფიქსირება კომისიის ვებგვერდზე (www.gnerc.org/ge/covid-19) შეუძლიათ. აპრილის კომუნალურ შეღავათებზე უარის თქმის ბოლო ვადაა 2020 წლის 11 მაისი. მოქალაქეებს უარის დაფიქსირება აპრილისა და მაისის კომუნალურ შეღავათებზე შეუძლიათ, როგორც ცალ-ცალკე, ასევე ორივე თვეზე ერთიანად. აღნიშნული არ ეხება იმ პირებს, რომლებმაც 11 აპრილამდე უარი უკვე დააფიქსირეს სამივე თვის (მარტი, აპრილი, მაისი) შეღავათებზე.

სემეკ-ის ცნობით, მარტის კომუნალურ შეღავათებზე უარის თქმასთან დაკავშირებით განაცხადების მიღება 11 აპრილს ამოიწურა და არსებული მონაცემებით, მარტის შეღავათებით სარგებლობაზე უარი 3 534-მა პირმა განაცხადა.

საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, კომუნალური შეღავათები ეხება იმ ფიზიკურ პირებს, რომელთა კომუნალური მოხმარება თვის განმავლობაში (მარტი, აპრილი,მაისი) ელექტროენერგიის შემთხვევაში არ აღემატება 200 კვტ.სთ-ს, ხოლო ბუნებრივი გაზის შემთხვევაში – 200 კუბურ მეტრს.

გარდა ამისა, კომუნალური შეღავათების ფარგლებში წყალმომარაგებისა და დასუფთავების გადასახადი დაეფარება ყველა იმ აბონენტს, რომლებიც თვის განმავლობაში (მარტი, აპრილი, მაისი) მოიხმარენ 200 კვტ.სთ-ის ჩათვლით ელექტროენერგიას და სარგებლობენ კომუნალური შეღავათებით.

წყალმომარაგებისა და დასუფთავების გადასახადი არ დაიფარება იმ მოქალაქეების შემთხვევაში, რომელთაც შეეხოთ კომუნალური სუბსიდია, თუმცა სოლიდარობის ნიშნად უარს ამბობენ შეღავათებით სარგებლობაზე.

საქართველოს მთავრობის გადაწყვტილებით, 17 აპრილის დღის 12 საათიდან, 21 აპრილის ჩათვლით, საქართველოში სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით  გადაადგილება.  ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო ხდება.

აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით საქართველოს ქალაქებში სასაფლაოზე გასვლაზე შეზღუდვები წესდება. 

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილის ჩათვლითაა გამოცხადებული, თუმცა, ის, მთავრობის ინიციატივით, 10 მაისამდე გახანგრძლივდება. ამასთან, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა 15 აპრილის 21:00 საათიდან 10 დღით აიკრძალა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 408 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 95 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 4.