მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოებზე გასვლასთან დაკავშირებით დაწესებულ შეზღუდვას საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს და პროცესში მერიის მუნიციპალური ინსპექციაც ჩაერთვება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
თბილისის მერის განცხადებით, შექმნილ ვითარებაში სასაფლაოებთან მისვლის შესაძლებლობის შეზღუდვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
„ზოგადად როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სახლში დარჩენაზე, ეს ნიშნავს, რომ უპირობოდ უნდა დავრჩეთ სახლში. მე მესმის, აღდგომის დღესასწაული ჩვენთვის არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაული, მაგრამ პარალელურად ჩვენ გვაქვს ძალიან მძიმე მდგომარეობა, როგორც ქვეყანაში, ასევე მსოფლიოში. შესაბამისად, როდესაც ადამიანებს ვთხოვთ, მოვუწოდებთ, დარჩნენ სახლში, ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი მათი ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის, ჩვენი მშობლების, შვილების, ბებიებისა და ბაბუებისთვის.
ჩვენ ვიცით, როგორ გრძელდება დღესასწაული სასაფლაოებზე გასვლის ტრადიციით და რა მოჰყვება ამ ყველაფერს. კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო ყველას, მაქსიმალურად შევიკავოთ თავი სასაფლაოებზე გასვლისგან. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები, საპატრულო პოლიცია გააკონტროლებენ ამ პროცესს, ჩვენი მუნიციპალური ინსპექციაც ჩაერთვება ამ პროცესში და ყველანაირად ხელს შევუწყობთ, რომ შევზღუდოთ სასაფლაოებზე გასვლა და გადაადგილება. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. დღეს, ისე როგორც არასდროს, გვჭირდება ერთად დგომა, ჩვენ უნდა შევძლოთ ამ მდგომარეობიდან ერთიანი ძალისხმევით გამოსვლა. მარტო სახელმწიფო ვერაფერს ვერ გახდება. ჩვენი ამას ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ მხოლოდ. მთავარია, დავრჩეთ სახლში, დავიცვათ დისტანცია, რომ რაც შეიძლება სწრაფად გამოვიდეთ ამ ურთულესი მდგომარეობიდან ნაკლები დანაკარგების გარეშე“, – განაცხადა კახა კალაძემ.
საქართველოს მთავრობის გადაწყვტილებით, 17 აპრილის დღის 12 საათიდან, 21 აპრილის ჩათვლით, საქართველოში სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო ხდება.
აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით საქართველოს ქალაქებში სასაფლაოზე გასვლაზე შეზღუდვები წესდება.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილის ჩათვლითაა გამოცხადებული, თუმცა, ის, მთავრობის ინიციატივით, 10 მაისამდე გახანგრძლივდება. ამასთან, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა 15 აპრილის 21:00 საათიდან 10 დღით აიკრძალა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 370 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 77 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.