კალაძე: შესაბამის სამსახურებთან ერთად სასაფლაოებზე მისვლის შესაძლებლობას ჩავკეტავთ

487

ჩვენ, შესაბამის სამსახურებთან ერთად სასაფლაოებზე მისვლის შესაძლებლობას ჩავკეტავთ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. დედაქალაქის მერი საგანგებო მდგომარეობის პერიოდში სასაფლაობის ჩაკეტვის საკითხს გამოეხმაურა და მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„ჩვენ, შესაბამის სამსახურებთან ერთად სასაფლაოებზე მისვლის შესაძლებლობას ჩავკეტავთ. თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა, მოსახლეობას მოვუწოდო და ვთხოვო, რომ დავრჩეთ სახლში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე. მინდა, თითოეულ ადამიანს გთხოვო, მაქსიმალურად გავითვალისწინოს ყველა რეკომენდაცია და თხოვნა, რომლზეც ბოლო დღეების განმავლობაში გვესაუბრებიან ჩვენი ექიმები, დარგის სპეციალისტები. ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ ნაკლები დანაკარგის გარეშე გამოვიდეთ ამ რთული მდგომარეობიდან. სააღდგომო დღეები კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ მომდევნო კვირების, დღეების განმავლობაში დამატებითი პრობლემები არ შეგვექმნას“,-განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით საქართველოს ქალაქებში სასაფლაოზე გასვლაზე შეზღუდვები წესდება.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდება. ამასთან, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა 15 აპრილის 21:00 საათიდან 10 დღით აიკრძალა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი    გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 336 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 74 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.