მელაშვილი მერების გადადგომაზე: “ოცნება” არჩევნებისთვის ემზადება

721

ნეტგაზეთი

უკანასკნელ ორ თვეში საქართველოს 4 ქალაქის არჩეულმა მერმა თანამდებობა დატოვა.

9 მარტს თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე კასპის, აპრილის დასაწყისში კი  თერჯოლის და ონის მერები გადადგნენ. მათ მსგავსად, დღეს პოსტი დატოვა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამაც და არც მას განუმარტავს, თუ რატომ ტოვებდა თანამდებობას, თუმცა თქვა, რომ პოლიტიკიდან საერთოდ მიდის. თერჯოლის ყოფილმა მერმა გადაწყვეტილება “პირადი მიზეზებით” ახსნა, კასპის მერმა კი თქვა, რომ კერძო სექტორში სურდა დაბრუნება.

“ნეტგაზეთი” აღნიშნულ საკითხზე მთავრობის კანცელარიის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითთმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ექსპერტს თვითმმართველობის საკითხებში ირაკლი მელაშვილს ესაუბრა, რომელიც ამ მოვლენებს “ქართული ოცნების” მიერ წინასაარჩევნო სამზადისს უკავშირებს.

მელაშვილის თქმით, კითხვები ჩნდება, როცა არჩეული პირები, თანამდებობას ყოველგვარი ახსნა-განამრტების გარეშე ტოვებენ და განმარტება არც მათგან და არც პარტიისგან, თუ რას უკავშირდება ეს გადაწყვეტილება, არ ისმის:

“ისტორია სხვადსხვაა, რაც ისმის, თუმცა მტკიცებულებების გარეშე რაიმეზე ლაპარაკი მე არ მიყვარს. მაგრამ კმაყოფლება ამ ადამიანების საქმიანობით, როგორც ჩანს, არ იყო.  როგორც ჩანს, მიუხედავად ამ კორონავირუსის პანდემიისა და ყველაფრისა, მმართველი პარტია გარკვეულწილად ემზადება არჩევნებისათვის და ცდილობს მოიშოროს ის ბალასტი, რომელიც მას არ გამოადგება ადგილობრივ ხელისუფლებაში არჩევნების კუთხით. არაპოპულარული მერების ჩამოშორების პროცესი მიდის თანამდებობიდან”, – ამბობს მელაშვილი.

მელაშვილის თქმით,  ეს პირები, კანონის მიხედვით,  არჩეულები არიან, მაგრამ თავს არჩეულებად არ გრძნობდნენ და მისი შეფასებით, არც ამომრჩევლების წინაშე ყოფილან ანგარიშვალდებულნი:

“ძალიან კარგად ვიცით, რომ დიდი უმრავლესობა მმართველი პარტიის წარმოამდგენლები რომ არ ყოფილიყვნენ და რომ არა ის ადმინისტრაციული მანქანა, რომელიც ზოგადად მუშაობდა არჩევნებზე, ეს ადამიანები ვერსადროს გახდებოდნენ მერები. ამიტომ ამ ადამიანებს შინაგანად, ფსიქოლოგიურად არ აქვთ განცდა, რომ ისინი პირდაპირი წესით არჩეულები არიან და ისინი ანგარიშვალდებულად არ გრძნობენ თავს მოსახლეობის წინაშე. ისინი ანგარიშვალდებულად გრძნობენ თავს პრემიერ-მინისტრის წინაშე, მმართველი პარტიის წინაშე, სახელიმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინაშე…”, – ამბობს მელაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მისი თქმით, არც პოლიტიკოსები მიიჩნევენ მერებს არჩეულ კანდიდატებად და მას სახელმწიფო მანქანის ნაწილად განიხილავენ, რომელსაც როცა სჭირდებათ, გაათავისუფლებენ და როცა დასჭირდებათ, კვლავ დააბრუნებენ:

“ქართული პოლიტიკური ელიტის წარმოდგენაში არჩევითი მერი მაინცდამაინც არჩევითი ვერ არის, მაინც ისე უყურებენ, რომ ის სახელმწიფო მანქანის ნაწილია, რომელსაც როცა გინდა, გუაშვებ, როცა გინდა, მოიყვან. მარტო პოლიტიკოსების ამბავი არ არის, ჟურნალისტებსაც ხშირად ასეთი დამოკიდებულება აქვთ.

კანონი თუ დაირღვა, შესაბამისი ზომები უნდა მიიღონ სამართალდამცავმა ორგანოებმა, თუმცა ზომების მიღებას ხშირად პრემიერისგან ითხოვენ. ქვევიდანაც იქმნება ეს მოთხოვნა, რომ თვითმმართველობა კი არაა, პარიტული ორგანიზაციაა და შენ ხარ პასუხისმგებელი, შენს პარტიულ ორგანიზაციაში ვინ რას გააკეთებს”,- ამბობს მელაშვილი.

მისი თქმით, ამგვარი დამოკიდებულებებით ქვეყანაში ავტორიტარული მმართველობის ფორმა ნარჩუნდება, სადაც გადაწყვეტილების მიღების ერთი ცენტრი არსებობს:

“სამწუხაროდ, ეს მიდგომა არის ქვეყანაში და შედეგად ვიღებთ იმას, რომ ვერ გამოვდივართ ავტორიტარული მმართველობის კუთდიდან. სისტემა გვაქვს ავტორიტარული მმართველობის. ავტორიტარიზმი იმას კი არ ნიშნავს, რომ ქუჩაში ხალხი უნდა დახვრიტონ, ავტორიტარიზმი ნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი ცენტრი არსებობს და მან უნდა მიიღოს გადაწყვეიტლება ყველა თვითმმართვლეობაზე, ყველა სოფლის გამგებელზე და ა.შ.”, – ამბობს ირაკლი მელაშვილი.