საგანგებო მდგომარეობა, საკომენდანტო საათი ვრცელდება ყველა სივრცეში, ნებისმიერი ადგილზე, ნებისმიერ ადამიანზე და არანაირი „მაგრამ“ ამ შემთხვევაში არ განიხილება. ეს არც უნდა გახდეს მსჯელობის საგანი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ვიდეო-ჩართვისას განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, წესების დარღვევას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
„გახსოვდეთ და გაითვალისწინეთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოქმედებს ერთიანი საკარანტინე მოთხოვნები. იცით, რომ არის საგანგებო მდგომარეობა, საკომენდანტო საათი და ეს ვრცელდება ყველა სივრცეში, ნებისმიერი ადგილზე, ნებისმიერ ადამიანზე და არანაირი „მაგრამ“ ამ შემთხვევაში არ განიხილება, ეს არც უნდა გახდეს მსჯელობის საგანი. ვინც დაარღვევს წესებს, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. აგრეთვე გაითვალისწინეთ, რომ 10 დღის განმავლობაში სადაც არ უნდა წახვდეთ, მოქმედებს ის წესები, რომელიც ამოქმედდება დღეს საღამოს 21:00 საათზე და რომელზეც პრემიერ-მინისტრმა გუშინ ვრცლად ისაუბრა. ამ შაბათ-კვირასაც იგივე წესები მოქმედებს, რაც სხვა დღეებში. მემგონი, არავის სიამოვნებს იმ ვითარებაში, იმ მდგომარეობაში ცხოვრება, რაშიც დღეს გვიწევს, რა ვითარებაშიც ცხოვრობს მთელი მსოფლიო. არ გვსიამოვნებს, რა თქმა უნდა, იმ შეზღუდვების დაწესება, რომელზეც ბოლო დღეების განმავლობაში გადაწყვეტილება იქნა მიღებული. მესმის, რომ ძალიან რთულია ასე ცხოვრება, ყველას გვიჭირს, მაგრამ ყველა ხომ ძალიან კარგად ვხვდებით, რატომ არის ეს გადაწყვეტილებები მიღებული. ისევ და ისევ ჩვენი ჯანმრთელობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ისევ და ისევ იმიტომ, რომ დავიცვათ ერთმანეთი, რომ გავუფრთხილდეთ ჩვენს შვილებს, გავუფრთხილდეთ ჩვენს მშობლებს, ბებია-ბაბუებს. აქ საუბარია ყველაზე ძვირფასზე, რაც კი გაგვაჩნია – ეს არის ადამიანის სიცოცხლე. ამიტომ ყველა ვალდებულია, დარჩეს სახლში, დაიცვას კანონი. მეტიც – მგონია, რომ ჩვენი სარწმუნოებაც ამას გვასწავლის“, – განაცხადა კალაძემ.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდება. ამასთან, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა დღეიდან 10 დღით აიკრძალა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 306 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 69 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.