თენგიზ ცერცვაძე: სწორი იქნება, თუ საგანგებო მდგომარეობა ორი კვირით გახანგრძლივდება

582

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საქართველოში დაწესებული საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებაზე ისაუბრა.

“ჩემი პოზიცია ასეთია, რომ დღევანდელ სიტუციაში, ალბათ, უფრო სწორი იქნება, თუ საგანგებო მდგომარეობა ორი კვირით გახანგრძლივდება იმიტომ, რომ, რაც უფრო მკაცრად და ზედმიწევნით დავიცავთ შეზღუდვებს და რეკომენდაციებს, მით უფრო ჩქარა გავივლით პიკს და გავუშვებთ ეპიდემიას დაღმავალი გზით.

ის ნიშნავს, რომ უფრო ჩქარა მოიხსნება საგანგებო მდგომარეობა და გაცოცხლდება ქვეყნის ეკონომიკა”, – ამბობს ცერცვაძე.

ამასთანავე, ცერცვაძე აღნიშნავს, რომ ეკონომიკური რეცესია ქვეყნისთვის შესაძლოა უფრო დიდ გამოწვევად იქცეს, ვიდრე პანდემია.

“მთავარია, რომ ეკონომიკური რეცესია არ იყოს იმდენად ღრმა, რომ შემდეგ ეპიდემიამ გაიაროს, მაგრად ეკონომიკის აღდგენა ვერ მოხერხდეს.

ეს არანაკლები და შეიძლება უფრო მძიმე გამოწვევაც იყოს, ვიდრე ეპიდემია. ერთი შეხედვით ურთიერთგამომრიცხავია ფაქტორებია, მაგრამ რაც უფრო მკაცრად შევასრულებთ რეკომენდაციებს დღეს, მით უფრო მალე გავთავისუფლდებით ამ შეზღუდვებისგან”, – თქვა ცერცვაძემ.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი  გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 296 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 68 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.